კახა ბექაური: დღევანდელთან შედარებით, ხვალინდელი დღე, იქნება კონკურენციისთვის უკეთესი

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100 %-ის წილის შეძენაზე, ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა აღნიშნულ საკითხზე ვრცლად ისაუბრა და მედიაში სხვადასხვა დაინტერესებული თუ არაკომპეტენტური პირის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
„საჯარო სივრცეში ბევრი მოსაზრება გამოითქვა, იყო მოსაზრება ამ გარიგების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ აქამდე ერთი ჯანსაღი მოსაზრება არ გამიგია არც ერთი ექსპერტისგან. საიდან მოდიან და საიდან აღმოცენდნენ ეს ექსპერტები ტელეკომუნიკაციის სფეროში, ესეც გაუგებარია. აბსოლუტურად უსაგნო და არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებენ. ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ კომისიას ყველანაირი რესურსი და ბერკეტი გააჩნია, რომ რაც არ უნდა მსხვილი გარიგება შედგეს ბაზარზე, ზეგავლენა ჰქონდეს მასზე და ამით არ შეიზღუდოს კონკურენცია. ეს, რაც შეეხება ზოგადად ბაზარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ამ კონკრეტულ გარიგებას.
კონკრეტულად „ჯეოსელთან“ დაკავშირებით უნდა განვმარტო, რომ „ჯეოსელი“ დღეს ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე ოპერირებს და მეტიც, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმალური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რადგან ბაზრიდან გასვლას აპირებდა და ეს გადაწყვეტილება მის მფლობელს სწორედ ორი წელია, აქვს მიღებული, შესაბამისად, „ჯეოსელმა“ LTE მომსახურეობაზე განაცხადიც კი არ გააკეთა“,- აღნიშნა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.
მისივე განცხადებით, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შესყიდვა, მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს და პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება.
„ვისაც ფინანსები და ეს ბიზნესი ესმის, დამეთანხმება, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ფიქსირებული ხარჯები შემცირდება, რაც მომხმარებლებისთვის წარმოშობს დიდ შესაძლებლობებს, მათ ერთის მხრივ გაუუმჯობესდებათ სერვისები და მეორეს მხრივ, – პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ერთი სიტყვით, ეს მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა. ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი. დღეს „მაგთი“ ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც კონსოლიდირებული აქვს მობილური და ფიქსირებული აქტივები და თუ მეორე და მესამე კომპანიაც არ გაძლიერდა, გაჭირდება მასთან კონკურენცია”, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურმა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით, კომპანია „ბილაინსაც“ უპასუხა და განაცხადა, რომ „ბილაინის“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ გარიგებით ბაზარი განვითარებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, კატეგორიულად მიუღებელი და მცდარია.
„ჩვენ აქამდეც ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ არასწორი კონკურენციისგან ”ბილაინს“ და ამის ბერკეტები კომისიას აქვს, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან და არ მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს განვითარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება. თუ კომპანია ამისკენ არ წავა და საქართველოს ბაზარს მხოლოდ ექსპერიმენტების რეჟიმში განიხილავს, ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით. ჩვენ გვინდა, რომ მესამე ოპერატორი გაძლიერდეს და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს ისევ და ისევ მომხმარებლის სასიკეთოდ“,- აცხადებს კახა ბექაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები