ბექა დავითულიანი: რეფორმის შედეგად ყველა რაიონში თანამედროვე ბიბლიოთეკები გვექნება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა თბილისის ბიბლიოთეკების რეფორმასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ქმნის ახალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან, ბიბლიოთეკების გაერთიანებას ქალაქის თვითმმართველობაში გადმოიტანს. ბექა დავითულიანის განმარტებით, აქამდე ეს სისტემა მახინჯი ფორმით არსებობდა. კერძოდ, ბიბლიოთეკებს თბილისის თვითმმართველობა აფინანსებდა, მაგრამ სამართლებრივად,  სისტემა კულტურის სამინისტროს ეკუთვნოდა. დეპუტატი აცხადებს, რომ დღეს შემოთავაზებული ცვლილებით, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.

„ოპოზიცია აკრიტიკებს ამ რეფორმას, მაგრამ არ იცის, რას აკრიტიკებს, რადგან გეგმა არ უნახავს. მოხდება ბიბლიოთეკების მოდერნიზება და ყველა რაიონში იქნება თანამედროვე, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის, გაუმჯობესებული სერვისის ბიბლიოთეკები, სადაც მოვიზიდავთ და დავაბრუნებთ მკითხველს“, – აცხადებს ბექა დავითულიანი.

მისი თქმით, ეს იქნება თანამედროვე ბიბლიოთეკები, შესაბამისი ანაზღაურებით და პირობებით თანამშრომლებისთვის და მკითხველისთვის. ბექა დავითულიანის განმარტებით, მმართველი გუნდის მიზანი რომ ბიბლიოთეკების თანამშრომლების შემცირება ყოფილიყო, ახალი სამართლებრივი ორგანიზაციის დაფუძნებისას, კონკურსს გამოაცხადებდა და ახალ თანამშრომლებს აიყვანდა.

„ჩვენი მიზანი არის იმ ღვაწლმოსილი ადამიანების შენარჩუნება, რომლებმაც მთელი ეს ურთულესი პერიოდი გადაატანინა ბიბლიოთეკებს და საამისოდ სპეციალური წოდებაც კი შემოვიღეთ. უხუცესი ბიბლიოთეკარები წიგნის საპატიო მცველის წოდებით იქნებიან წარმოდგენილები. ვფიქრობთ მათთვის ხელფასების გაზრდას და სამთვიანი ვადა მივეცით იმისათვის, რომ მოასწრონ გადამზადება იმ მინიმალური საკვალიფიკაციო სტანდარტებისთვის, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად იქნა შემუშავებული“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები