საქართველოს საპატრიარქო: არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ მზად არიან ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უახლოეს დროში გადასცენ“, – ამის შესახებ ნათქვამია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მიერ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის საპასუხო წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ასაჯაროებს.
„თქვენს მიერ 2 მარტს გამოგზავნილ წერილზე პასუხად, რომელშიც თქვენ დახმარებას ითხოვდით არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხში, მსურს გაცნობოთ, თქვენი წერილის მიღებისთანავე ჩვენ ამ შემთხვევაში აუცილებელ ყველა ზომას მივმართეთ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაგვარწმუნა, რომ მზად არიან, ცხედარი უახლოეს დროში გადასცენ, როგორც კი გამოძიების ფარგლებში მიმდინარე კრიმინალისტიკური ექსპერტიზის შედეგებს მიიღებენ.
ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის შუამავლობით იგეგმება. ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ.
„დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები