კვლევის შედეგები: საქართველოში 7-დან ერთი ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია

ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში 7-დან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გახდარა, 5-დან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.
ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის ძირითადი შედეგების პრეზენტაცია ხვალ, სასტუმრო „თბილისი მერიოტში”, 09:30 საათზე გაიმართება. პრეზენტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია გამართავს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრებიან. პრეზენტაციას ფასილიტაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გაუწევს.
„კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია. უფრო მეტიც: ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
კვლევა გაეროს ქალთა ორგანზიაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა. ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.
ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა და იგი რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 15-64 წლის 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა. კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა” ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები