გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 53-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი კვლავ განიხილეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მონაწილეებთან ერთად განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ადგილობრივებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებში გამოიხატება.
შეხვედრაზე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს 2 თებერვალს ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2016 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ იქნა 3000 ადამიანი, ხოლო 2017 წელს, – 1000.
შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქის მალხაზ წურწუმიას გათავისუფლების აუცილებლობის საკითხზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ კომენტარი გააკეთა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება ცხადია, კვლავაც დაეთმო გიგა ოთხოზორიას საქმეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ მოცემულობა არსებითად არ შეცვლილა, დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია კანჯი ოღლის დაკავება და მისი გასამართლება ქართული კანონმდებლობით. სწორედ აღნიშნული მოთხოვნები კვალაც იქნა გაჟღერებული ჩვენი მხრიდან შეხვედრის მონაწილეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქის მალხაზ წურწუმიას საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი უახლოეს პერიოდში დატოვებს გალის ე.წ. იზოლატორს გარდა ზემოხსენებულისა, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საოკუპაციო ზოლზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით, ამ მხრივ გასულ თვეში დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან ღია წყაროებში გაცხადდა, რომ 2017 წლის მანძილზე დაახლოებით 1000 ადამიანი იქნა დაკავებული ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, ხოლო 2016 წელს ამ ციფრმა 3000 შეადგინა, ცხადია, ჩვენ ეს კითხვები დღევანდელ შეხვედრაზე დავსვით, რაზეც, ფაქტობრივად, მივიღეთ დადასტურება დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ ეს ნამდვილად ასეა. ეს ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია მთლიანად ცენტრალური ხელისუფლებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება ადამიანებისთვის გადაადგილების თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა და მათი უკანონოდ დაკავება“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 21 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები