„ახალგაზრდა ადვოკატები“: სახელმწიფო ჩამორთმეული ქონების დაბრუნების სანაცვლოდ, როლანდ ბლადაძეს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დავალების საფუძველზე, სახელმწიფოსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია გახდა ცნობილი – სახელმწიფო თანახმაა, როლანდ ბლადაძეს გადასცეს ალტერნატიული ფართი და სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, მხარესთან გამართოს დამატებითი შეხვედრები და კონსულტაცია.

“საქართველოს უზენაესი სასსამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთი თვის ვადაში, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების დავაზე, მორიგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის წერილობით წარმოდგენა დაევალა. ამასთან, სასამართლომ განსაზღვრა, რომ მორიგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, დადებითი პოზიციის შემთხვევაში, სამინისტროს უნდა წარმოედგინა მორიგების პირობები წერილობითი ფორმით. ამასთან, სამინისტროს დაევალა მორიგების დაშვებისთვის სასამართლოში მოავლინოს  უფლებამოსილი პირი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო სასამართლოს მიმართ გაგზავნილი წერილი 2018 წლის 19 თებერვლით თარიღდება, რომელსაც ხელს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი აწერს”,- აცხადებს “ახალგაზრდა ადვოკატები”.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პირობა როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემაზე, ბუნდოვანია, საჭიროებს დაზუსტებებს და საკითხის სამართლებრივ შინაარსში გარკვევას. შესაბამისად, მისივე თქმით, მხარე მზადაა სამინისტროსთან მორიგების შესაძლებლობის განხილვისთვის. საკითხზე პირველი შეხვედრა 2018 წლის 26 თებერვალსაა ნავარაუდევი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმის მიუხედავად, შედგება თუ არა მხარეთა შორის მორიგება, საქმეზე შემაჯამებელი სხდომის თარიღი უკვე დადგინდა.  სასამართლო შემაჯამებელ სხდომას საქმეზე 2018 წლის 9 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დაადგინა: როლანდ ბლადაძის საკააციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად“. სასამართლოს მიერ მითითებული კანონის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.

“2017 წლის 1 ივნისს, სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 2017 წლის 1 ივნისს მიღებული კიდევ ერთი განჩინებით – არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმიდან საქმის განხმილველი მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის აცილებასთან დაკავშირებით, რასაც მხარის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის დასაბუთებული სამართლებრივი პროტესტი მოჰყვა. 2017 წლის 20 ივნისის სასამართლოს განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილება განაცხადეს. საქმე განმხილველი ახალი პალატისთვის გადაეცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს, რომელმაც განსაზღვრა ახალი შემადგენლობა – ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და პაატა სილაგაძე. 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, პაატა სილაგაძემ, აგრეთვე მიიღო საქმიდან თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება და საქმის განმხილველი საბოლოო შემადგენლობა, ჩამოყალიბდა ნინო ბაქაქურის (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით. სასამართლომ 2017 წლის დეკემბერში, საქმეზე ზეპირი მოსმენით სხდომის ჩანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

როლანდ ბლადაძე თავისი სასარჩელო მოთხოვნებით მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად. საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მიუთითებს”,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები