თურქეთში ქართულ ლიმონზე, კივზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, დაწესებული კვოტები გაუქმდა

თურქეთში ქართულ ლიმონზე, კივზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა – ეს გადაწყვეტილება თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართულ და თურქულ მხარეს მოლაპარაკების შედეგად მიიღეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქართულ და თურქულ მხარეს მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა.
საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ქართულ დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.
სამინისტროს ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
„მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში,“ – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობა დაფარავს მომსახურებით ვაჭრობასაც, რომელზეც მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ქართულ დელეგაციასთან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოცულობითი განახლების საკითხი განვიხილეთ. შეხვედრა ძალზე პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდეს, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.
სამინისტროს ცნობით, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნიჰათ ზეიბექჩიმ ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროული ამოქმედება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები