შიდა ქართლში ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად 75 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელს და ხელმძღვანელს აჰმედ ჩალიკს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი პროექტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი აშშ დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჰმედ ჩალიკმა აღნიშნა, რომ „ჩალიკ ენერჯის“ განხორციელებული კიდევ ერთი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგებში.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი თურქეთში წარმატებული იქნება.
„დღეს საქართველოდან ძალზე ძვირფასი დელეგაციაა ჩამოსული, შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და რაც მთავარი იყო, შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში განახორციელებს ინვესტიციას ქარის ენერგიაში და მზის ენერგიაში. ამ ეტაპზე, პირველი ინვესტიცია ქარის ენერგიაში განხორციელდება 50 მეგავატით. ჩვენ გვჯერა საქართველოსი“, – აღნიშნა აჰმედ ჩალიკმა.
„ჩალიკ ენერჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, აჰმედ ჩალიკთან შეხვედრა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა და მას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩიქოვანი და რომეო მიქაუტაძე, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი თორნიკე რიჟვაძე დაესწრნენ.
ქარის ელექტროსადგურის პროექტს „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები