გიორგი კვირიკაშვილი შრაგა ბროშს შეხვდა

საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს – აღნიშნულის შესახებ ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. განსაკუთრებულად აღინიშნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სპეციალური ეკონომიკური ზონის, როგორც სტრატეგიული რეგიონული კვანძის  პოტენციალი. შეხვედრაზე დადასტურდა, რომ საქართველოში, კერძოდ კი ანაკლიაში ისრაელიდან საწარმოების გადმოტანის შესაძლებლობები განიხილება.

ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკები, საცხოვრებელი, ტურისტული, საფინანსო და ბიზნეს-ცენტრები, რეკრეაციული ზონები –  ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება. „ანაკლია სითის” აღმასრულებელი დირექტორის, ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით, რომელიც დღეს ასევე ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში სამომავლოდ გახსნილი საწარმოები სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებას მოიცავს. მისივე განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება, 2021-სთვის კი პორტი უკვე გემების მიღებას შეძლებს და მნიშვნელოვანია, რომ მიმდებარე ტერიტორია, იმ დროისათვის, სათანადოდ იყოს განვითარებული.

ამასთან, ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება არა მხოლოდ წარმოების სექტორს, არამედ სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და საქართველო-ისრაელის დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან და აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს ინდოეთთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ანაკლიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები