უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ალტერნატიული საბორნე მარშრუტის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

უკრაინაში საქართველოს საელჩოში მრგვალი მაგიდის ფორმატში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობას, ხერსონის და სკადოვკის საზღვაო სავაჭრო პორტების ინფრასტრუქტურული ობიექტების მოდერნიზაციას და მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება სატრანსპორტო კორიდორის შექმნის: კლაიპედა-ბელორუსია-ხერსონი-ტრაბზონი-საქართველო-ბაქო განხილვა.

ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა უკრაინაში, გელა დუმბაძემ გახსნა.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა საქართველოს საელჩოში, რომელიც ეხებოდა ხერსონის და სკადოვსკის პორტების აღდგენის შემდეგ შესაძლო ალტერნატიული საბორნე მარშრუტის ჩამოყალიბებას, როგორიც არის კლაიპედა, ბელორუსი, ხერსონი, ტრაბზონი, ბათუმი, ბაქო. ეს იყო ჩვენთვის მშვენიერი საშუალება გაგვეცნო ჩვენი სტუმრებისთვის ეს პროექტი და ასევე ფართოდ წარმოგვედგინა საქართველოს გამჭვირვალე ეკონომიკა, მისი შესაძლო სატრანსპორტო პოტენციალი. პროექტის განხორციელება არის დღეს წარდგენის ფაზაში, ჩვენამდე იგივე პროექტი განხილულ იქნა ლიტვის საელჩოში, თურქეთის საელჩოში და ეს პროცესი გრძელდება, პროექტის განხორციელების კონკრეტული პერიოდი კი იმედია, წლის ბოლოს იქნება დასახელებული”, – განაცხადა ელჩმა გელა დუმბაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ელჩებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა უკრაინაში – აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სუამის წარმომადგენლებმა, ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ხერსონის მერმა, სკადოვსკას მერმა და “ხერსონის საზღვაო სავაჭრო პორტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, პროექტის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა.

“ტვირთები, რომელიც ახლა ევროპიდან ჩინეთში, ინდოეთსა და ირანში მიდის, სამწუხაროდ, მიდის რუსეთის გავლით, რომელიც აგრესორია უკრაინისთვის და არ არის მეგობარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქ იყვნენ წარმოდგენილი. ამ ღონისძიების ფარგლებში ბათუმსა და ხერსონის შორის პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი”, – განაცხადა ხერსონის მერმა ვლადიმირ მიკოლაენკომ.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია, სატვირთო ბრუნვის გაზრდის კონტექსტში.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ლოგიკური გაგრძელებაა იმ წარმატებული დიალოგის, რომელიც ბათუმის ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენს პრეზიდენტებს შორის დაიწყო. ახლა ორ საპორტო ქალაქს – ბათუმსა და ხერსონს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სატვირთო ბრუნვის გაზრდის კონტექსტში”, – განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოვგანმა.

შეხვედრა პროექტზე მომუშავე ექსპერტებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები