უცხოელი სტუდენტები დევნილთა მდგომარეობას ეცნობიან

საქართველოს ჰოლანდიიდან ქრონინგენის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის სტუდენტები და პროფესორები ეწვივნენ. საქართველოში ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, რუსეთისა და სხვა ქვეყნის 24 წარმომადგენელი ჩამოვიდა. ჩამოსული სტუდენტები დევნილთა ჩასახლებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებსა და საელჩოებს სტუმრობენ. სტუდენტებს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ უმასპინძლა. ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გვალიამ სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული საქმიანობა გააცნო და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზეც ესაუბრა. შეხვედრის შემდეგ სტუდენტები ფრეზეთში დევნილთა დასახლებაშიც ჩავიდნენ, დევნილთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და 2 საათის განმავლობაში მათთან საინტერესო დისკუსია გამართეს. სტუდენტები დევნილთა ყოფითი პრობლემებით, სახელმწიფო დახმარებით, განათლების ხელმისაწვდომობით, ინტეგრაცით და სხვა საკითხებით დაინტერესდნენ. დევნილებმა კი მათ კითხვებს უპასუხეს და მთავარ პრობლემად დასაქმება დაასახელეს. ამერიკელი სტუდენტის მაია ტუკერის განცხადებით, ის საქართველოში პირველად იმყოფება და სტუმართმოყვარეობითა და, ზოგადად, ქვეყნით ძალიან მოიხიბლა.
“საქართველოში პირველად ვიმყოფები. შესაბამისად, თქვენი ქვეყნის დევნილებსაც პირველად შევხვდი. საოცრად თბილი ხალხი ხართ. საკმაოდ დამაინტერესა “აფხაზეთის” პროექტებმა, დევნილებმაც აღნიშნეს, როგორ უმართავს ხელს “აფხაზეთი” მათ. ბიზნესის დაწყებაში ეხმარება, ხელობას ასწავლიან და შესაძლებლობას აძლევენ, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ. ქველმოქმედება და ჰუმანიტარული მიმართულება ძალიან მაინტერესებს და მიღებული ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო იყო”,- განაცხადა მაია ტუკერმა.
დევნილებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათთვისაც საინტერესოა, რადგან სტუდენტები ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში გაავრცელებენ და მათ შესახებ მეტი გაიგებს. დევნილებს თავიანთ სახლებში დაბრუნება სურთ და სტუდენტებს სთხოვეს, აღნიშნული ინფორმაცია ყველგან მიიტანონ.

10318657_704193362959885_1231386658_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები