“ტაქსების აღრიცხვა მოხდება” – რას გულისხმობს რეგულაციები და როგორ პასუხობენ მერიის გეგმებს სატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები

ავტომობილი, მართვის მოწმობა და ტაქსის ტრაფარეტი – შეიძლება ითქვას, რომ ეს ის ძირითადი სამი კომპონენტია, რომელთა არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ტაქსით მომსახურეობის სერვისი განახორციელოს. არსებული კანონმდებლობით, არც დედაქალაქში და არც საქართველოს სხვა ქალაქებში, მძღოლებს დამატებით ვალდებულებებს არ აკისრებენ, მათ შორის არც ტაქსოკომპანიებს, შესაბამისად ტექნიკური გამართულობის მხრივ ავტომობილების შემოწმება მხოლოდ მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
თუმცა, როგორც დღეს დედაქალაქის მერიის მთავრობის დღევანდელი  სხდომიდან გახდა ცნობილი, თბილისის მერია ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას დაიწყებს, რასაც შემდეგ გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება უნდა მოჰყვეს. თბილისის მერი აცხადებს, რომ, თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები იმსახურებენ ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს.
„ამჟამად ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტმა გასცეს ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ეტაპობრივად განხორციელდეს ტაქტის სერვისის განვითარება იმგვარად, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვება ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მოგვიანებით კი მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განმარტა, რომ მძღოლებს რეგისტრაციისთვის პირველ ეტაპზე მარტივი ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ, კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ ტაქსის ტრაფარეტი და ნებართვა, რომლითაც დადასტურდება, რომ ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები.
“ეს არის საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს ჩვენი ავტორობით წარედგინება და გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეძლოს შესაბამისი სანებართვო ფორმის დამზადება, სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც კონკრეტულად დროში გაწერს 2018 წლის რომელი თვიდან დაიწყება ტაქსისთვის ნებართვების გაცემა. ეს არის ძალიან მარტივი რეგულაცია იმისთვის,რომ ჩვენ გადავიდეთ ე.წ. M1 კატეგორიის ტაქსის, როგორც სამგზავრო სატრანსპორტო საშუალების რეგულაციაზე, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, რითაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა და ტურისტებმა, რომლებიც ჩვენს ქალაქში ჩამოდიან, კომფორტულად უნდა ისარგებლონ. ეს რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ჩვენ გვექნება პერიოდი, როდესაც დავაანონსებთ, რა ფორმით უნდა მოხდეს ნებართვის აღება და ეს სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ მოხდება. რადგან ეს ბაზარი არ არის არც აღრიცხული, არც დარეგულირებული, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ამ საქმიანობის გაგრძელება უნდა, უნდა მოგვმართოს რეგისტრაციისთვის პირადობის და მართვის მოწმობის წარმოდგენით. მერია გასცემს შესაბამის ნებართვას. პირველ ეტაპზე ამ ადამიანებს მხოლოდ ტრაფარეტის ქონის ვალდებულება ექნებათ, რაც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს“ – აცხადებს მაია ბითაძე.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ლიცენზირების დაწესება მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვებათ ტაქსის მძღოლებს, მაია ბითაძე აცხადებს, რომ მერიის მიზანი არა თანხების მობილიზება, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოდ მგზავრობისთვის სათანადო პირობების შექმნაა.
„აქ არ არის თანხების გადახდაზე საუბარი. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა არ არის მიმართული იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ თანხების მობილიზება ან ამოღება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქნება ეს ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი თუ მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს უსაფრთხო და კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის მანქანის ტექნიკური გამართულობის, სანიტარულ-ტექნიკური ნორმებისა თუ თვითონ მძღოლების უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით.
მეორე ეტაპზე, რასაც 1 წლამდე ვადა შეიძლება დასჭირდეს, შევეცდებით ტექნიკური დათვალიერების პარალელურად, მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტაქსით მომსახურება”, – განაცხადა ბითაძემ.
„კვირასთან“ საუბარში “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, რომელმაც სატრანსპორტო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად არაერთი რეკომენდაცია გასცა მერიისათვის, მათ შორის ტაქსების სერვისის საკითხთან დაკავშირებითაც, აცხადებს, რომ ტაქსების მიმართულება ერთ–ერთი სუსტი რგოლია დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში.
ლალიაშვილი მერიის ინიციატივას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სტანდარტების დანერგვა მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.მისი თქმით, თავდაპირველად ტაქსების აღრიცხვა მოხდება შემდეგ კი შესაბამისი სტანდარტები დაინერგება.
„პირველ ეტაპზე დაიწყება ტაქსების აღრიცხვა, იმიტომ, რომ დღეს არ გვაქვს ინფორმაცია რამდენი ტაქსი მოძრაობს დედაქალაქში, როდესაც სრულად იქნება ინფორმაცია ამის თაობაზე, შემდეგ უკვე გარკვეული რეგულაციები დაწესდება ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ეს იდეა დედაქალაქის ყოფილი მერის პერიოდში გაჩნდა, გარკვეული რეკომენდაციები შევიმუშავეთ, თუმცა შემდეგ სამწუხაროდ შეჩერდა ეს პროცესი და ძალიან სასიხარულოა, რომ ახალმა მერმა ეს საკითხი ისევ წამოწია და ეტაპობრივად მივუყვებით ამ თემას. ტაქსების საკითხი ერთ–ერთი სუსტი რგოლია დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში. ლიცენზიებთან დაკავშირებული გამოცდილება არსებობს სხვა ქვეყნებში, თუ სხვებმა შეძლეს ჩვენს აუცილებლად შევძლებთ. მართალია არ იქნება საუბარი ევროსტანდარტების უმაღლეს საფეხურზე, თუმცა უნდა მოიძებნოს ის ბალანსი, რომლის წყალობითაც მგზავრის უსაფრთხოება და უფლება იქნება დაცული “– განუცხადა „კვირას“ ეკა ლალიაშვილმა.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კი თვლის, რომ ტაქსებისთვის ლიცენზირების დაწესების შემთხვევაში ისინი მგზავრობის საფასური გაზრდიან.
მისი თქმით, ეს ერთი მხრივ ტაქსის მძღოლებს შემოსავლის გარეშე დატოვებს, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადს გაზრდის.
„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა გაიაროს ყველა ავტომობილმა და მათ შორის არიან ის ავტომობილებიც, რომლებითაც ტაქსაობენ მძღოლები, გამართული ტაქსი, რომ მიდის და ჩემი გაუმართავი ავტომობილით დავეჯახო იქ მგზავრი კარგად იგრძნობს თავს?! რაც შეეხება ლიცენზირებას, ლიცენზია არის საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც ტაქსებზე წესდება გადასახადი და ეს გადასახადი უნდა დაწესდეს მაშინ, როდესაც შენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისი რაოდენობით გყავს ქალაქში, იმიტომ, რომ როდესაც ტაქსებზე გადასახადს დააწესებ, მომსახურება აუცილებლად გაძვირდება, ამიტომ მოსახლეობა გადავა ავტობუსებზე ნაკადი გაიზრდება, დღეს ეს ტრანსპორტი დამატებითი ნაკადების მისაღებად მზად არ არის, ამის პარალელურად ტაქსის მძღოლები დაკარგავენ მგზავრებს და შესაბამისად შემოსავალსაც“, –აცხადებს დათო მესხიშვილი.
„საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი“ საავტომობილო ექსპერტი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სფერო სრულიად მოუწესრიგებელია, ოგბაიძე „კვირასთან“ იმ სავარაუდო სტანდარტებს ასახელებს, რომლებიც ტაქსის სერვისის განხორციელებისთვის, მძღოლმა უნდა დააკმაყოფილოს. ოგბაიძის თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია კონკრეტული ციფრის დადგენა, თუ რა ოდენობის ტაქსია დედაქალაში, რის შემდგომაც სტანდარტების დანერგვა უნდა მოხდეს. „ნებისმიერი სამოქმედო გეგმის შესრულება პირველ რიგში ეფუძნება ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას. დღეს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ტაქსია დედაქალაქში, სხვადასხვა ციფრი სახელდება – ზოგი ამბობს 20 ათასს, ზოგი 40 ათასს ზოგი კი 50 ათასს – ამიტომ ამ სტრატეგიის პირველი ნაბიჯი იქნება აღრიცხვიანობის მოწესრიგება.
ლიცენზირება– ეს უკვე ნიშნავს გარკვეულ ჩამონათვალთან, გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობას, მზადყოფნას. მართალია ჯერ გაწერილი არ არის ლიცენზიისთვის აუცილებელი სტანდარტები, თუმცა ჩვენ უკვე შეგვიძლია ძალიან დიდი სიზუსტით ვივარაუდოთ, თუ რა  შეიძლება შედიოდეს ამ ჩამონათვალში: ცალსახაა, მოძრაობის დროს ავტომობილს ბორბალი არ უნდა ძვრებოდეს, არ უნდა არსებობდეს საშიშროება, რომ თუ გაზზეა გადაყვანილი ავტომობილი, ის აფეთქდება, მძღოლი და ავტომობილი ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მძღოლმა მინიმალურ დონეზე უნდა იცოდეს თბილისის ღირსშესანიშნაობები, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მძღოლს უნდა შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც კი – ზოგადად ჩამონათვალის, კრიტერიუმების შემუშავება უნდა მოხდეს ერთობლივი მსჯელობის შედეგად. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სფერო უკონტროლოდაა დარჩენილი და სავალალო შედეგების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. აღარაფერს ვამბობ საბიუჯეტო შემოსავლებზე, რომელიც დამატებითი შემოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის. თუ სხვა სფეროში დასაქმებულები იხდიან შესაბამის გადასახადს ბიუჯეტში, მაგალითად იმავე მძღოლის მეუღლე, რომელიც შეიძლება იყოს პედაგოგი, ტაქსის მძღოლი რატომ უნდა თავისუფლდებოდეს ამ გადასახადისგან?! მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ჩვენ ხომ არ ვართ სტერილურ გარემოში, რომ ყველა გადასახადისგან გავთავისუფლდეთ? ასეთ თემებს ხშირად იყენებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სურთ, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ საკითხი. უნდა იყოს გონივრული რეგულაციები, ორივე მხარე უნდა იყოს კმაყოფილი – ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღოს სერვისი, უსაფრთხოდ გადაადგილდეს და მეორეს მხრივ მძღოლის უფლებებიც უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ორი ტერმინი –„წესრიგი“ და „დაჩაგვრა“, წესრიგის დამყარება დაჩაგვრა არ არის“ – აცხადებს შალვა ოგბაიძე.
ტაქსის მძღოლებისთვის გარკვეული რეგულაციების შემოღებას მიესალმებიან ის მგზავრებიც, რომლებიც ხშირად სარგებლობენ აღნიშნული მომსახურებით.
„კვირასთან“ საუბარში ერთ–ერთი ასეთი მოქალაქე ნინო ბერიძე ამბობს, რომ ის არაერთხელ აღმოჩენილა ტექნიკურად გაუმართავ ტაქსიში. „როდესაც გეჩქარება, რთულია, გამოძახებულ ან ქუჩაში გაჩერებულ ტაქსიზე უარის თქმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ატყობ, რომ ის სათანადოდ გამართული არაა ტექნიკურად და სალონში არც ჰიგიენაა დაცული, ამიტომ არაერთხელ მომიწია, შეიძლება ითქვას, სიცოცხლის რისკის ფასადაც დანიშნულების ადგილამდე მისვლა და მწარე გამოცდილებების გათვალისწინებით, როდესაც ტაქსიში ვჯდები, არ მაქვს გარანტია, რომ მანქანა შუა გზაში არ გაფუჭდება ან რაიმე უარესი არ მოხდება. მესმის, რომ ზოგიერთისთვის ტაქსაობა თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა, მაგრამ ეს სხვების სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა გააკეთო, როდესაც იცი თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ავტომობილი, რომელშიც მგზავრი უნდა ჩაჯდეს, მგონი მეტი წინდახედულობაა საჭირო. ასე რომ, ცალსახად მივესალმები მერიის ინიციატივას და ვიმედოვნებ, რომ ამ კუთხით ვითარება გამოსწორდება“ – აცხადებს ნინო ბერიძე.
„კვირა „ დაინტერესდა რას ფიქრობენ კერძო ტრანსპორტით მომსახურების სფეროში ლიცენზიების დაწესებაზე ტაქსო-კომპანიებში: ტაქსო-კომპანია “355 855“-ში აცხადებენ, რომ მათი ავტომობილები ტექნიკური გამართულობის მხრივ პერიოდულად მოწმდება, თუმცა, უჭირთ საუბარი კიდევ რა დამატებითი მოთხოვნები იქნება ლიცენზირების მოსაპოვებლად საჭირო. „ჩვენი ავტომობილები პერიოდულად გადიან ტექნიკურ შემოწმებას, თუმცა ვიდრე არ გავიგებთ რა სტანდარტების შეღება იგეგმება, უფრო ვრცელი შეფასების გაკეთება რთულია“, – აცხადებენ კომპანიაში.
დაახლოებით იგივე პოზიცია აქვთ ტაქსების სერვისკომპანიაში „და ვინჩი“. როგორც „კვირას“ კომპანიის მენეჯერმა სლავა ყოლბაიამ განუცხადა, მათი ავტომობილები ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია და კომპანიის ხელმძღვანელობა მზად არის, რომ ლიცენზირების შემოღების შემდეგ ყველა საჭირო კომპონენტი დაიცვას. „გააჩნია რა კრიტერიუმებზეა საუბარი, თუმცა თუ საერთო, გონივრული სტანდარტი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით წინააღმდეგები, რომ ლიცენზირების დამატებითი წესები დავაკმაყოფილოთ“ –აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, კახა კალაძე აცხადებს, რომ ტაქსების სფეროს მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიება იმ კომპლექსური პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მისი თქმით, მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს. მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები