პარლამენტში განსახილველად დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი შევიდა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა.
პროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ის ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან სამოქალაქო და შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად.
კანონპროექტი განსაზღვრავს დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს, სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით – ნებისმიერი თვითდასაქმებული.
კანონპროექტი ასევე, განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ წესებს, აგრეთვე, ეროვნული ბანკის უფლებამოსილებებს. კანონპროექტი აწესრიგებს დაგროვებითი პენსიის ადმინისტრირებასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებასთან, დავების გადაწყვეტილებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.