მამუკა მდინარაძე: ვეტოს დაძლევა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევა საპარლამეტო უმრავლესობის თვითმიზანი არ არის. ამის შესახებ დეპუტატმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს ეხებოდა.
“კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. თავის დროზე ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, ახლა კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვდება მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რადგან ვაცხადებ, რომ ვეტოს დაძლევა არ არის თვითმიზანი, ვგულისხმობ, რომ ორივე პოზიციის მომხრეებს აქვთ მყარი არგუმენტები. მოვისმენთ კიდევ ერთხელ განსხვავებულ მოსაზრებებს და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათ შორის საუკეთესო ევროპული გამოცდილებიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის და მედიასაშუალებების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.