“რუსთავი 2” “ევროპული საქართველოს” განცხადებას ეხმაურება
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 “ევროპული საქართველოს” განცხადებას ეხმაურება. რომლის მიხედვითაც, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს, 18 იანვარს “კურიერში” 21:00 საათზე, გაიპარა შეცდომა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევის პოლიტიკური ნაწილი შედგებოდა სამი სლაიდისგან: 54-ე სლაიდზე დატანილი იყო 4 პარტიის “ქართული ოცნების”, ენმ-ის, “ევროპული საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსის” მაჩვენებლები. შემდეგ იყო დინამიკა – როგორ იცვლებოდა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. ამ სლაიდზე “ევროპული საქართველო” იყო მოხსენიებული სხვა პარტიებს შორის.
როგორც “რუსთავი2”-ში განმარტავენ, PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს, მექანიკური შეცდომა მოხდა. მათივე თქმით, ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.
“PDF ფაილიდან სისტემაში მონაცემების გადატანის დროს, მოხდა მექანიკური შეცდომა – ეთერში ითქვა, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა “ევროპული საქართველოს” მხარდამჭერთა რიცხვი. ტექსტი კი უნდა ყოფილიყო – 12%-მდე დაეცა სხვა პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. ტელეკომპანია აცნობიერებს, რომ NDI-ის კვლევებში “ევროპულ საქართველოს” არასდროს ჰქონია მოქალაქეების 12% მხარდაჭერა და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მისი კლებაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იმ დღესვე მოხდა კომუნიკაცია “ევროპული საქართველოს” ლიდერებთან. ტელეკომპანიამ აღიარა შეცდომა და პარტიის წარმომადგენლებს განემარტათ მომხდარის დეტალები.
“რუსთავი 2” აპირებდა დღეს იმავე ფორმატში არაზუსტი ინფორმაციის უარყოფას. სამწუხაროდ, “ევროპულმა საქართველომ” სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, გაავრცელა არაკორექტული და სიცრუის შემცველი განცხადება (საუბარია პარტიის განცხადების ბოლო ნაწილზე) და გაიმეორა ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ნარატივი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვართ, საპარლამენტო უმცირესობის ეს განცხადება გამოყენებული იქნება ხელისუფლების მიერ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ პროდასავლური მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომლისთვისაც, ისევე როგორც ყველა სხვა პროდასავლური პარტიებისთვის, ერთადერთი მედიაპლატფორმა “რუსთავი 2”-ია, სრულიად დაუშვებელი და უპასუხისმგებლოა ამ შინაარსის განცხადებების გავრცელება.
საჭიროდ მივიჩნევთ, მოვუწოდოთ “ევროპულ საქართველოსა” და მის ცალკეულ ლიდერებსა და წევრებს, გავრცელებული არაკორექტული განცხადების გამო, მოუხადონ ბოდიში სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ს, რათა მომავალშიც გაგრძელდეს ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენ შორის”, – ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.