ადვოკატი: გამოძიებას ჭანტურიასთან შეკითხვები აღარ აქვს

ჭანტურიას ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან კითხვები აღარ აქვს: “გამოძიებას ჭანტურიასთან კითხვები ჯერჯერობით აღარ აქვს. არც 108-ე მუხლთან და არც 236-ესთან დაკავშირებით. დადგინდა რომ ის ვაზნები, რომლებიც სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მართლაც გიორგი ჭანტურიას მამას ეკუთვნოდა და მას კანონიერად ჰქონდა ამის უფლება”-განაცხადა ადვოკატმა.

კობაიძის შეფასებით, პროცესი ობიექტურად, სამართლიანად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ისინი გამოძიების მხრიდან კითხვების არსებობის შემთხვევაში, უწყებასთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ. ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი ცოტა ხნის წინ დატოვა. შსს-მ მისი გათავისუფლება ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.

სამსონ ქუთათელაძე საკუთრ კაბინეტში მოკლული 15 იანვარს საღამოს იპოვეს. ის “სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მფლობელი იყო.

მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, თუმცა, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები