დავით სერგეენკო: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე

0

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა არის მაღალი ხარისხის.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მთელი ამ დროის განმავლობაში, დღესაც მქონდა შეხვედრა მათ ხელძღანელობასთან და მათ დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა, დღის წესრიგიდან მოხსნილია. თუმცა ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ ბევრი სხვა, მათ შორის, ფინანსური პარამეტრებითაც, ასევე მინდა ვთხოვო მედიას, რომ როდესაც ასეთ თემებზეა საუბარი, გზავნილები იყოს ძალიან მოზომილი. არ ვაპირებ მენტორულად აგიხსნათ, თუ როგორ შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ, ერთ მაგალითს გეტყვით – როდესაც 2004-2005 წლებში საქართველოში იყო „წითელას“ აფეთქება, იყო არაიმუნიზირებული ფენა, რომელსაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა აცრა. მაშინ სახელმწიფომ გადაწყვიტა მასობრივი ვაქცინაცია, თუმცა, მხოლოდ ერთმა სიუჟეტმა, რომელიც გავიდა მაშინდელ მედიაში და რომელიც ემსახურებოდა, ზოგადად, იმუნიზაციის დისკრედიტაციას, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი. შედეგად, მივიღეთ 2013–14 წლებში „წითელას“ აფეთქება. როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვდა და მათგან 4 გარდაიცვალა. ასე რომ, იმუნიზაცია და ვაქცინაცია არის ტექნოლოგია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ერთადერთი ქმედითი საშუალებაა გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად. საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია, არის უსაფრთხო და ეფექტური და იცავს დაავადებებისგან და ის ვაქცინები, რომელიც დღეს არის საქართველოში, არის მაღალი ხარისხის”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი