აუდიტის სამსახური: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა

0

„ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“ – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი და დაასკვნა, რომ „ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“
ამასთან, აუდიტის სამსახური გუშინდელი სკანდალური ინფორმაციის გამო განმარტებებს აკეთებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის გეგმაში, იმუნიზაციისპროგრამის შესაბამისობის აუდიტის შეტანასთან დაკავშირებით გამოკვეთილი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის გამო განვმარტავთ:
საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს,რომ აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესასწავლი საკითხების შერჩევის პროცესში გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხები, მედიაში გამოქვეყნებული რეზონანსული თემები, გასულ წლებში განხორციელებული აუდიტების ანგარიშები და გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი, ასევე მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვები.
იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი.
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა“ – ნათქვამია აუტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა. საქმე ეხება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც საქართველოში 2016 წელს დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა ცოფის საწინააღმდეგო აცრისთვის გამოიყენა.

 

 

კომენტარები

კომენტარი