„თუ ონლაინსესხების კომპანია თქვენს წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, შესაძლოა, ნებისმიერი ნივთი დააყადაღონ“
პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს.
შესაბამისი განცხადება ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ – საუბრისას გააკეთა.
გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად სწორია წერილის ფორმა, რითაც მოქალაქეების გაფრთხილება ხდება და როგორ უნდა მიხვდეს მოქალაქე, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად სასამართლოს მიერ არის მიღებული, ლაშა ნოზაძემ განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ იურისტს, ადვოკატს უნდა მიმართოს.
„გაფრთხილების წერილი, შეტყობინების ტექსტი და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც პრობლემური აქტივების ბიუროს მსესხებლებთან და მომხმარებლებთან აქვს, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არის შეთანხმებული“, – განმარტა ნოზაძემ.
ამასთან, მისივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს.
„ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.