თამარ ჩუგოშვილი NDI-ის კვლევაზე: ჩვენთვის საფრთხეს რუსეთის არმია წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ძალა ჩვენთვის უფრო სახიფათოა

“ის საკითხი, რომელიც შეეხება სამხედრო ძალების სიძლიერეს, ჩემთვის რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ასეთი პასუხი, შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმით, რომ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, საფრთხეს რუსეთის არმია წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ძალა ჩვენთვის უფრო სახიფათოა”,-ასე განმარტა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა NDI-ის კვლევები იმის შესახებ, რომ გამოკითხულთა 41%-მა სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერ ქვეყნად მიიჩნია, ხოლო 36%-მა სამხედრო უპირატესობა აშშ-ს მიანიჭა.
მისივე თქმით, გამოკითხვაში გამოიკვეთა რამდენიმე ახალი პრობლემა, როგორიცაა გარემოს დაცვის საკითხი და დასაქმების პრობლემა.
“მთავრობის საქმიანობის მიმართ გაზრდილია მოსახლეობის შეფასების დამოკიდებულება, ასევე ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობაა გამოცხადებული ამ კვლევის მიხედვით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საქართველოში მუდმივად არის მაღალი მხარდაჭერა როგორც ევროკავშირის ასევე ნატო-ს მიმართ, ეს სტაბილურად მაღალი რიცხვია, ზოგიერთ წევრ ქვეყანაზე მაღალიც კი, შეიძლება ამის თამამად თქმა. თუმცა კონკრეტულად ის საკითხი, რომელიც შეეხება სამხედრო ძალების სიძლიერეს, ჩემთვის რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ასეთი პასუხი, შეიძლება ეს განპირობებული იყოს იმით, რომ საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, საფრთხეს რუსეთის არმია წარმოადგენს და შესაბამისად, მათი ძალა ჩვენთვის უფრო სახიფათოა”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
NDI-ის კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით, რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. 15% თვლის, რომ რუსეთი და აშშ თანაბარი სიძლიერის არიან, ხოლო 36% ფიქრობს, რომ სამხედრო უპირატესობას აშშ ფლობს. კითხვაზე პასუხი არ აქვს 8%-ს.
დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველოს მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები