ანრი ოხანაშვილი NDI-ს კვლევებზე: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია
“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური ზრდა წინა წელთან შედარებით 4,8%-ია. მისივე თქმით, აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებაც, რაც ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას უზრუნველყოფს.
“ეკონომიკური ზრდა 4,8%-ია წინა წელთან შედარებით, ესეც არის ციფრი, რომელიც გაუმჯობესებულია და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რაღაც არის დაგეგმილი. ამისთვის ჩვენ უნდა გავიხსენოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებაც, რომელსაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოაქვს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ათასობით ადამიანის დასაქმება”,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.