კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გენერალური სპონსორი იქნება

2018 წელს კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის” გენერალური სპონსორი იქნება.
განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს RMG-ს სათაო ოფისში მოაწერეს.

როგორც “კვირას” კომპანია RMG – დან აცნობეს, შეთანხმების თანახმად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს RMG გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და მის განვითარებაზე იზრუნებს.

პირველი შეთანხმება კომპანია RMG-სა და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონს“ შორის 2016 წელს გაფორმდა, მაშინ როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა.
ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ „სიონში“ ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ტყავაძე დაინიშნა. მან გუნდი, ფაქტობრივად, ახლიდან შექმნა.
სირთულეების მიუხედავად, ბოლნისური გუნდი, სეზონის მანძილზე, ლიდერებს შორის იყო. გუნდმა სეზონის ბოლოს გულშემატკივრები გაახარა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა.
შეხვედრის შემდეგ, კომპანია RMG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ „სიონის“ გულშემატკივრებს უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიულოცა.
ამასთან, მისივე თქმით, კომპანია მზად არის საფეხბურთო კლუბი გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოს.

„ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ბოლნისის „სიონის“ უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ეს წარმატება ნამდვილად იმსახურებს ჩვენი კომპანიის მხრიდან ყურადღებას. ჩვენ მზად ვართ, გუნდი გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველვყოთ. იმედია, ჩვენი მხარში დგომა და ფინანსური მხარდაჭერა გუნდს კიდევ უფრო წინ წაწევს და მომდევნო წლებში ყველა ერთად ვიზეიმებთ „სიონის“ გამარჯვებებს.“ – განაცხადა ჯონი შუბითიძემ.
თავის მხრივ, „სიონის“ გენერალურმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ კომპანიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
ბუბა ტყავაძემ განმარტა, რომ როდესაც ასეთი ძლიერი კომპანიაა კლუბის სპონსორი, ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა.
„მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია RMG-ს, რომ ბოლნისის „სიონის“ გენერალური სპონსორია. რომ არა კომპანიის თანადგომა, ჩვენ ალბათ ვერ შევძლებდით უმაღლეს ლიგაში გადასვლას. ფინანსები დღეს ძალიან ბევრს წყვეტს ფეხბურთში, იცით, რომ სპონსორის მოძიება ძალიან ბევრ საფეხბურთო კლუბს უჭირს, ამიტომ ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ასეთი ძლიერი კომპანია არის ჩვენი კლუბის სპონსორი“- აღნიშნა ბუბა ტყავაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები