“სამართალდამცველები ასე იმიტომ ხომ არ მოიქცნენ, რომ სწორედ ეს პირი აპირებდა იმ მომენტში ხელყუმბარის აფეთქებას”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე თვლის, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სამართალდამცველების მისამართით გამოთქმული კრიტიკული განცხადებები შაბლონური სახისაა და საფუძველს მოკლებულია.

დეპუტატმა ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ყურადღება სოფელ დუისში სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე და შემდგომ გამოთქმულ მოსაზრებებზე გაამახვილა.

კილაძის თქმით, ვინაიდან აღნიშნული პირი აპირებდა ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას, გასროლა მოხდა სწორედ მისი მისამართით და არა დანარჩენი 4 პირის.

„თუ ვინმემ დააშავა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვის ნიშანი – მაინცდამაინც ამ ადამიანის მიმართ რატომ გადაამეტებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალაუფლებას? ვიცით, რომ ამ პირის გარდა, პარალელურად სხვა პირების აყვანაც მიმდინარეობდა. რატომ არ ჩნდება კითხვა – სამართალდამცველები ასე იმიტომ ხომ არ მოიქცნენ, რომ სწორედ ეს კონკრეტული პირი აპირებდა იმ მომენტში ხელყუმბარის აფეთქებას და ამით როგორც სპეცრაზმელებს, ისე იმ მომენტში იქ მყოფ დანარჩენ ადამიანებსაც, უქმნიდა საფრთხეს. ეს საკითხი რატომღაც წინ არ არის წამოწეული და ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომა ნამდვილად უსამართლოა. ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტაცია, გარდა შაბლონური განცხადებებისა“, – აცხადებს სოფო კილაძე.

დეპუტატმა, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, მსოფლიო პრაქტიკაც მოიყვანა და განაცხადა, რომ იქ არ სვამენ კითხვებს, თუ რატომ არ აჰყავთ ტერორისტები ცოცხლად ან რატომ ხდება მათი გაუვნებელყოფა.

„თუ დადასტურდა, რომ ეს ადამიანი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა მე მგონია, რომ სამართალდამცავი იმ კონკრეტულ მომენტში სწორად მოიქცა. ჩვენ თუ გადავხედავთ დასავლურ პრაქტიკას და იმ ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად გამოირჩევიან, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის,ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, იმ ქვეყნებშიც არა ერთხელ გვინახავს სხვადასხვა ტერორისტები ადგილზე ლიკვიდირებულნი. იქ არავის დაუსვამს კითხვა, რატომ იმოქმედეს ტერორისტის მიმართ ასე და რატომ არ აიყვანეს ცოცხლად. ჩვენ ვიცით, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას, პირებმა სამართალდამცველებს სერიოზული, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ამ გარემოებიდან გამომდინარე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება გაეკეთებინა მათთან კავშირში მყოფ ამ ადამიანსაც. დაველოდოთ გამოძიებას, ჯერ მხოლოდ ერთი დღე გავიდა“, – აცხადებს სოფო კილაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მათგან ერთ-ერთი თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები