გიორგი ლუკავა: დრანდის ციხიდან არავის სანაცვლოდ არ გავთავისუფლებულვარ

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სოხუმის ციხიდან დღეს გათავისუფლებული გიორგი ლუკავა ამბობს, რომ ის საპატიმროდან ვინმეს სანაცვლოდ არ გამოუშვიათ. ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტწრვიუში განაცხადა.

ლუკავას თქმით, ის უდანაშაულოა ყველა იმ ბრალდებაში რასაც მას აფხაზური მხარე ედავება.

მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

ლუკავა ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე ცოტა ხნის წინ გადმოეცა.მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად იდგა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართული შეხვედრის დღის წესრიგში.

ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე – გუდაუთაში მკვლელობებშიც.

მას 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს, 2015 წლის დეკემბერში კი, ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდეს.

2016 წლის მარტში ტყვეთა გაცვლისას ლუკავა ბოლო მომენტში საკანში მიაბრუნეს. მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა. ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. პირველი 3-წლიანი პატიმრობა 1999 წელს დასრულდა, ტყვეთა გაცვლით.

მიმდინარე წლის 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი, გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები