არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, რომლებიც წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა. მსჯავრდებულებმა კი სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.

„არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. მსჯავრდებულებზე ზრუნვის საკითხში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია. სასურველ შედეგს, რაც მათი რესოციალიზაცია და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციაა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

არასრულწლოვნებს საჩუქრები დაწესებულებაში პირადად კომპანია “GT GROUP”-ის წარმომადგენლებმა გადასცეს.

„გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდ ახალგაზრდები შეძლებისდაგვარად გაგვეხარებინა. მათთვის ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ აქ არსებული ვითარებით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ახალგაზრდები განვითარდნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ“, – განაცხადა “GT GROUP”-ის დამფუძნებელმა, ჯაბა შელიამ.

N5 დაწესებულებას კი წინასაახალწლოდ მომღერალი მაკა ზამბახიძე ეწვია და მსჯავრდებულებთან ერთად, ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ზამბახიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცა, ის დედათა და ბავშვთა სახლსაც ეწვია, სადაც ქალი პატიმრები 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები