უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ბათუმში შეხვედრებს მართავენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმის დემოკრატიის სკოლის EECMD კურსდამთავრებულებს და საჯარო პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდნენ და უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა საპარლამენტო არჩევნების ერთი წლის შემდგომი პერიოდის შეფასებასაც – რა მივიღეთ ჩვენ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საით წავიდა პოლიტიკური პროცესი, როგორია ქვეყანაში რეფორმები, როგორია ტემპი და მოქალაქეთა ჩართულობა.

“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთი წლის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ძირითადში ხელისუფლების ნდობა დახარჯულიყო რეფორმებზე, მოხმარდა სრულიად სხვა ტიპის საკითხებზე საუბარს, რომელიც რეალურად არ იყო მოქალაქეთა დაკვეთა საპარლამენტო არჩევნებამდე. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომ პერიოდში გაზრდილი იყოს მოქალაქეთა ჩართულობა იმისთვის, რათა ხელისუფლება უფრო მეტად იყოს ანგარიშვალდებული, განახორციელოს მეტი რეფორმა, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრისთვისაა მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას იმ ჰიბრიდულ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უპირისპირდება და იმ მეთოდებს შეეხნენ, რომლითაც ამ გამოწვევებს უნდა გავუმკლავდეთ.

“მთელი ცივილიზებული სამყარო უკვე აღიარებს იმას, რომ რუსეთის ფედერაციისგან მომავალი საფრთხე არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ მთლიანად რეგიონის მიმართებაში. ამ პრობლემისადმი გამკლავების გზა, პირველ რიგში, ეროვნული მდგრადობის ზრდაა, ეროვნული მდგრადობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი კი პოლიტიკური პროცესი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ეს არის ის ძირითადი ინსტრუმენტია ეროვნული ძალაუფლებისა, რომელიც საქართველოს გააჩნია და თითოეული მოქალაქის აქტიური და ხარისხიანი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში არის ის, რამაც უნდა გააძლიეროს თავისთავად ეს დემოკრატიული ინსტიტუციური მშენებლობა”, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები