ქართველი კიბერ-მეცნიერის უნიკალური გამოგონება – მალე ქართველები კომპიუტერში ტექსტის აკრეფას ჩვენი ხმით შევძლებთ

ირაკლი ქარდავა – ქართველი კიბერ-პროგრამისტი, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ადამიანი, რომელიც მალე საკუთარი პროგრამის წყალობით ქართულ კიბერ-ისტორიაში შევა. მარტივად რომ ვთქვათ, მის მიერ შექმნილი პროგრამით “ვირტუალურ საქართველოს” შესაძლებლობა ექნება “Google-Voice“-ის სისტემის ნაწილი გახდეს, კიდევ უფრო მარტივად კი… წარმოიდგინეთ, რომ თქვენ კომპიუტერს არც მაუსი დასჭირდება და არც კლავიატურა და მასში ტექსტები ხმოვანი, ანუ თქვენს მიერვე წაკითხული ფორმით აიკრიფება… მოკლედ ყველაფერი გენიალური მარტივია და ეს რომ მალე მოხდეს, საამისოდ საჭიროა, თქვენი 10 წუთიანი ხმოვანი ტექსტი ირაკლი ქარდავას ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოთ (geospeechrecognizer@gmail.com).
– ახლა ერთმანეთის პირისპირ ორი პოლარულად განსხვავებული ადამიანი ვართ, რომელთაგან ერთი ძალიან შორსაა კიბერსამყაროსგან, მეორე კი ძალიან ახლოს და, პირობითად რომ ვთქვათ, თქვენ მიერ გამოგონილი პროგრამა საშუალებას იძლევა, რომ ეს განსხვავება მაქსიმალურად შემცირდეს...
– მე სოხუმის უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და ახლა ვმუშაობ დისერტაციაზე. ჩემი კვლევის მიმართულებაა კომპიუტერული პროგრამა, რომელიც სწორედ კომპიუტერისგან ძალზე შორს მდგომი ადამიანისთვისაა, -მხოლოდ თითის დაჭერა სჭირდება ღილაკზე და ის ავტომატურად გააკეთებს ყველაფერს. ესაა ამოცანა, რაც კონკრეტული მომენტისთვის გვჭირდება. ეს ძალიან მარტივია და ამას არანაირი ცოდნა არ სჭირდება, მხოლოდ მაუსის ღილაკზე თითის დაჭერით მთელი პროგრამა იწყებს მუშაობას.
– ღილაკზე თითს დაჭერით რა ფუნქცია, ანუ რა ოპერაცია სრულდება?
– თავიდან იმას გეტყვით, რომ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და მიდის იქითკენ, რომ ყველაფერი რობოტიზებული, ანუ ხმით მართვადი გახდეს, ანუ კომპიუტერს ვესაუბრებით და ისიც ხმით გვაძლევს პასუხს,- ყველაფერი მარტივი იქნება. კომპიუტერი სიტყვებით მიმართავს და ისიც ადეკვატურად პასუხობს, ანუ ღილაკებზე თითის ზედმეტი მიჭერა საჭირო აღარ იქნება. ფაქტობრივად, მაუსი და კლავიატურა შესაძლოა, მეორე პლანზე გადავიდეს. ეს პროგრამა, რომელსაც მსოფლიოს ,,Speech Recognizer,, ჰქვია, – რომ გადავთარგმნოთ, – ხმის ამომცნობს ნიშნავს. სიტყვებს წარმოთქვამ და კომპიუტერი ამ სიტყვების ტექსტურ ვარიანტს კლავიატურაზე აკრეფის გარეშე შექმნის. შესაბამისი პროგრამის აპლიკაცია  iPhone-სთვისაც შეიქმნება.
საქართველოში ეს მიმართულება ძალიან დაბალ დონეზე იყო. 10340321_10202643444704991_1467781218_oრადგან ჩემი კვლევის მიმართულებაა კომპიუტერული ლინგვისტიკა, ამაში უშუალოდ ლინგვისტიკაცაა ჩართული, თან სიტყვები გრამატიკულად გამართულად უნდა იყოს დაწერილი.
– გამოდის, რომ, ფაქტობრივად, გრამატიკაც კარგად უნდა იცოდე?
– ეს თავისთავად ასეა, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ადამიანმა კარგად არ იცის გრამატიკა. პროგრამას შეუძლია გვითხრას, რომ ესა თუ ის სიტყვა ჩვენ არასწორად დავწერეთ და ამ სიტყვის სწორი ფორმის სხვადასხვა ვარიანტს შემოგვთავაზებს.
– თქვენი პროგრამა მომხმარებელს გამართულ ქართულად ლაპარაკსაც ასწავლის?
– დიახ, ნამდვილად ასე გამოდის. აქ შესაძლოა, რომ სასწავლო ელემენტებიც ჩაირთოს. ქართული ენის აკუსტიკური მოდელის სხვადასხვა სასწავლო პროგრამაში გამოყენება შეიძლება. ეს პროგრამა ჟურნალისტებისთვისაც გამოდგება, აი, ახლაც თქვენ იწერთ ამ ინტერვიუს, ჩვენი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში კი ტექსტის კლავიატურაზე აკრეფა არ დაგჭირდებათ. უბრალოდ შეიყვანთ ამ ხმოვან ჩანაწერს, რომელსაც ჩვენი პროგრამა თავად გადააქცევს ტექსტად.
–  ანუ, ჩვენი საქმე გაცილებით გამარტივდება?
– დიახ, ასე გამოდის: დაიზოგება დრო, ნერვები… თან მონიტორსაც ხომ უყურებს ადამიანი და ესეც ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. თვალსაც ვასვენებეთ და პროგრამულად და ტექნიკურად კომპიუტერისგანაც უფრო შორსაა.
მსგავსი სახის პროგრამა მსოფლიოში უკვე არსებობს?
– დიახ, არსებობს. ის მხოლოდ დიდი ენებისთვისაა, ესაა ინგლისური, ჩინური, იაპონური, საქართველოში კი მსგავსი რამ პირველია. ამ შემთხვევაში ერთ დეტალს კიდევ გავითვალისწინებდი, ქართულ ანბანში 33 ასო-ბგერაა. მათ ჩვენ ფონემებს ვეძახით. ფონემა ყველაზე მცირე ნაწილაკია, მაგრამ ეს მხოლოდ ქართულისთვისაა დამახასიათებელი. არის ენები, რომლებშიც 2-3 ასო იწერება და იკითხება მხოლოდ ერთი.
– ანუ ჩვენი ენა იმდენად სრულყოფილია, რომ მასზე ეს პროგრამაც უფრო მორგებულია.
– დიახ, ნამდვილად ასეა… ჩვენზე უფრო მორგებულია.
– და თქვენი პროგრამით შეგიძლიათ იმ ენებსაც დავეხმაროთ, რომლებსაც ასეთი ფუფუნება არ გააჩნია?
– ნამდვილად ასეა, ანუ ამ პროგრამით ამ ენების სპეციფიკაცაა გათვალისწინებული და საქართველოს შეუძლია, სხვა ქვეყანასაც დაეხმაროს.
– ირაკლი, ეს პროგრამა თუ გაქვთ დაპატენტებული?
– ვფიქრობ, დაპატენტება, ძირითადად, კომერციული პროექტით ხდება, მაგრამ ჯერჯერობით რახან ეს კომერციული თემაა, დაპატენტება ჩვენთვის – მეცნიერებისთვის ნაშრომის გამოქვეყნებაა და ახლა ამაზეც მიდის მუშაობა. ჩვენზე მასალა უკვე სხვადასხვა გამომცემლობაში დაიბეჭდა, ახლა ინგლისსა და ესპანეთშიც გამოქვეყნდება. ამის გარდა, ვიყავით პარიზსა და სინგაპურშიც.
– გარდა ამისა, ეს პროგრამა, უსინათლოებსაც ძალიან დაეხმარება…
– ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ – ერთ უწყებასთან გვქონდა მოლაპარაკება და მათი ამ პროგრამით დაინტერესება ძალიან გამიხარდა. ამასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ ასეთი ადამიანების პრობლემებს და ეს პროგრამა უსინათლოებისთვის იდეალური შემთხვევააა, რომ ინტერნეტსივრცეში ჩაერთონ და კომპიუტერთან ურთიერთობის საშუალება მიეცეთ.
– ანუ მათ სოციალურ ქსელშიც შეეძლებათ ჩართვა, მაგრამ ამ შემთხვევაში სოციალურ ქსელს ალბათ თავად უნდა გააჩნდეს ეს პროგრამა?
– ნამდვილად ასეა, ჩვენ შესაძლოა ცალკე ადგილობრივად შევქმნათ ისეთი პროგრამა, რომელიც ტექსტს თვითონ გადაიტანს.
– მცირე ლირიკული გადახვევა: ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირობითად პატარა ბიჭს ეზოში ფეხბურთის თამაშს გვიანობამდე კომპიუტერთან ჯდომა ერჩია.. ასეა?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს შემთხვევაში სულ სხვაგვარად იყო საქმე, ბავშვობაში მე მძლეოსნობით ვიყავი დაკავებული. მივხვდი, რასაც გულისხმობთ, არიან ადამიანები, რომლებსაც რომ შეხედავ, გარეგნულად ეტყობათ, რომ კომპიუტერზე არიან მიჯაჭვულები და მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ჩემს შემთხვევაში ასე ნამდვილად 10269560_635615629843006_4203797233826566020_nარ ყოფილა. დღესაც ჩემი დამოკიდებულება კომპიუტერთან მხოლოდ მეცნიერულ ხასიათს ატარებს.
ბავშვობაში მიყვარდა მათემატიკა და ბევრჯერ ყოფილა, რომ რეალურად ვერ ამომიხსნია რაიმე ამოცანა და მისი პასუხი სიზმარში მინახავს. მერე შემიმოწმებია და სწორი პასუხი აღმოჩენილა. ამის მერე ფურცელი და კალამი საწოლის გვერდით მედო, და როცა რაიმე დამესიზმრებოდა, ეგრევე ვინიშნავდი ხილმე…
– იდეების შემთხვევაშიც თუ იყო ასე და ამჟამად თუ გაქვთ რაიმე ჩანაფიქრი, რომლის შესახებაც ჯერ არ გითქვამთ?
– დიახ, იდეებიც მომდიოდა ძილში. იმ დროს მეათე-მეთერთმეტე კლასში ვიქნებოდი… სიზმარში რომ მომდიოდა ხოლმე რაიმე იდეა, დილას არ ვუცდიდი და მაშინვე ვიწყებდი მუშაობას. ეს ამბავი მედიცინის თვალსაზრისით როგორ ავხსნა, არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი შემთხვევა მომავალშიც მექნება… მე როგორც ქართულ ენაზე შეყვარებულ ადამიანს, მინდა, რომ ქართული ენის ტექსტად გადაქცევა მოხდეს და პირიქითაც – ტექსტის საუბრად გადაქცევა.
– ანუ თქვენი პროგრამა კორექტურასაც გაუკეთებს ტექსტს?
– რა თქმა უნდა, გაუკეთებს..
– ბევრ ადამიანს დატოვებთ უსამსახუროდ?
– შეიძლება ერთი სახის სამსახური დაიკარგოს და სხვა წარმოიქმნას. პირიქითაც, კიდევ მეტი ადამიანი დასაქმდეს, ჩვენ უნდა შევქმათ ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის. კომპიუტერი ხელოვნურად კი არ გაგცემთ პასუხს, არამედ მან უნდა “გაიაზროს” და ამის შემდეგ დასრულებული აზრი გადმოგცეთ. შემდეგი ეტაპი იქნება რობოტები, რომლებიც…
– რომლებიც ადამიანებს შეცვლიან?
– არა, ადამიანებს არ და ვერც შეცვლიან, მაგრამ ძალიან კარგი დამხმარეები ნამდვილად იქნებიან.
– შეიძლება, რომ რობოტმა რაიმე გვირჩიოს?
– აი, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მან რჩევა მოგვცეს და გარკვეული ეკონომიკური პროგნოზებიც კი გააკეთოს. შესაძლოა, ისიც ვკითხოთ: ესა თუ ის ტანისამოსი გვიხდება თუ არა…
– მაშინ რა საჭიროა მეგობრები?
მეგობრები იმისთვისაა საჭირო, რომ თავი ადამიანად ვიგრძნოთ!
– და რობოტები?
– მე ვფიქრობ, ყველა ადამიანს გულში რაღაც საიდუმლო აქვს, რომელიც არავისთვის უთქვამს… რობოტს უფრო მარტივად გაანდობს, იმიტომ, რომ რობოტი მაინც რკინაა და მასთან უხერხულობაც არ დაგვეუფლება. ეს ხუმრობით. სერიოზულად კი, ამ პროგრამის დახმარებით ჩვენ “Google-Voice“-ის  შემქმნელთან გვაქვს ურთიერთობა და ენის აკუსტიკურ მოდელს მალე ჩამოვაყალიბებთ, ამას როცა გავაკეთებთ, „გუგლში“ ქართული ხმის, ანუ ამ პროგრამის ინტეგრირება მოხდება. წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ რამდენიმე დიდ ენას აქვს და ახლა უკვე ქართულსაც ექნება.
მე გავაკეთე ბლოგი, სადაც ამის შესახებ დავწერე და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. ახლა რისი თქმა მინდა, იცით? ამ პროგრამას ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ხმა ესმის, იმისათვის, რომ სხვადასხვა ხმები გაარჩიოს, საჭიროა, მეტი ხმა მქონდეს ბაზაში, ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე გამომიგზავნოთ თქვენი 10-წუთიანი ჩანაწერი, რათა 200 მაინც მქონდეს და ამის მერე, ენის აკუსტიკური მოდელი გაკეთდება. მაგალითად, მე პოეზია და, კერძოდ, შექსპირი მიყვარს, შესაძლოა, რომ თქვენც ჩაწეროთ მისი რომელიმე სონეტი და გამომიგზავნოთ… მალე ამ პროექტის პრეზენტაციას მოვახდეთ მეცნიერთა წრეში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვე, თქვენი საშუალებით, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ხელმძღვანელს, მსოფლიო დონის მეცნიერს, ბატონ ჯემალ ანთიძეს და ქალბატონ ნანა გულუას, რომელთა გარეშეც ეს პროგრამა არ გაკეთდებოდა.

თეონა გოგნიაშვილი

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=bfcKp8Bk0Vw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები