გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

“სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა აუდიტის სამსახურის ეფექტურობისა და მისი რეკომენდაციების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განვითარების პროექტში – სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარებიან, მათ შორის, პირველ რიგში ევროკავშირს, ასევე – GIZ-ს, მსოფლიო ბანკს და USAID-ს.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და  რეპუტაციაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურის უფროსად შერჩეულია პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად, მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი და მის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა. ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება და რეპუტაცია არის ძალიან მაღალი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად შერჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით. ჩვენ ასევე, მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენად შერჩეულ იქნა ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, როდესაც ინსტიტუციები ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ. ამიტომ, მივესალმები ამ სტრატეგიას. ის ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ მმართველობის ხარისხი ქვეყანაში, უფრო გამჭვირვალე გავხადოთ იგი და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებითაც ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტი – “საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება”, რომელიც 2018-2022  წლებისთვის არის გაწერილი, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები