“ტექდათვალიერება 7 კრიტერიუმით მოხდება და მისი საფასური ფიზიკური პირისთვის 60 ლარი იქნება”

“ფიზიკური პირისთვის ტექდათვალიერების საფასური 60 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 100 ლარი იქნება”, – ამის შესახებ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ტექდათვალიერებაზე საუბრისას, პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან იმ კრიტერიუმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან მოხდება.
“ავტომობილების ტექდათვალიერება 7 კრიტერიუმით მოხდება, მათ შორისაა გამონაბოლქვი და მისი ერთ-ერთი პარამეტრი CO. ზოგადად, საწვავის ხარისხზე მუშაობაა საჭირო, რაც მოსახლეობასაც აწუხებს. ასევე, უნდა გაუმჯობესდეს დიზელის ხარისხიც. ტექდათვალიერების ცენტრში მანქანის შემოწმება ყველაფერზე ერთად ვერ მოხდება, ჩვენ ევრო-რეგულაციას მივყვებით.
საქართველოს მასშტაბით, 36 ტექდათვალიერების ცენტრი გვაქვს, თუმცა, უფრო კარგი მზაობა 1 ივლისიდან იქნება. ფიზიკური პირისთვის ტექდათვალიერების საფასური 60 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 100 ლარი იქნება. ბევრ რამეში შეღავათებია გაწეული, თუნდაც, გამონაბოლქვის მხრივ, ავტომობილს შეიძლება კატალიზატორი არ ჰქონდეს, მაგრამ შიდა წვის სისტემა მოგვარებული იყოს, 0,8 % გამონაბოლქვის დასაშვები ნორმაა. საბაზისო დონეს ყველა ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს”,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები