ალექსი პეტრიაშვილი, თანამდებობასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

პოლიტიკურ კულუარებში ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო ყოფილი მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ახალი სამსახურის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს, თავად ალექსი პეტრიაშვილი პასუხობს და ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით განმარტებებს სოციალურ ქსელში აკეთებს.
„მე გახლავართ გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ, საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაჯანსაღების მეორე ფაზის ფარგლებში, ინდივიდუალური კონტრაქტით მიწვეული ეროვნული კონსულტანტი საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით! როგორი სათქმელია ეს სრულად? ჩემი პოზიცია, ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრება, წუხილი, მხარდაჭერა, იმედი – გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს პოზიციას და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის! თავად გახლავართ უპარტიო, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული და ამ სფეროში მოღვაწე ყველა პროფესიონალის, მითუმეტეს, ჩემი ყოფილი თანამშრომლისა თუ კოლეგის გულშემტკივარი!“ – წერს ალექსი პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი რამდენიმე თვის წინ დატოვა, დღეს აცხადებდა, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს.
თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია „კვირამ“ საქართველოს პარლამენტის კადრების განყოფილებაში გადაამოწმა.
შედეგად გაირკვა, რომ ალექსი პეტრიაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.
„ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტში არ მუშაობს“ – ასე უპასუხა „კვირას“ შესაბამისი კითხვის პასუხად საქართველოს პარლამენტის კადრების განყოფილების უფროსმა ნიკა ქართველიშვილმა.
ცნობისათვის, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაში „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“, რომელზეც საკუთარი თავის წარდგენისას განაცხადა, რომ ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის საკითხებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ეროვნული კონსულტანტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები