მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე ინფორმაცია  მიაწოდა. საუბარი შეეხო  საერთაშორისო სავალუტო ფონდის “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმოხილვის დასრულებას  ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე დაუჭირა მხარი.  მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა ფონდის მხრიდან.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მინისტრს მათი ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროგრამები და ის მიმართულებები გააცნო , რასაც საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გააგრძელებენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მხარდაჭერით  „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის” პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო, მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მიმართ.

ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბანკის ჩართულობა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები