ერთ კვირაში მეორე ინციდენტი მოსწავლეებს შორის, როცა დირექტორები სკოლაში არ იყვნენ – რა მოხდა რუსთავში

რუსთავის N 22 საჯარო სკოლაში, თანაკლასელებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მანდატურმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.
სკოლის დირექტორი თბილისში, ტრენინგზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ “კვირას” სკოლის დირექტორის მოადგილე ვალერიან ჭუმბურიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მან მომხდარი ინციდენტის შესახებ, მოგვიანებით შეიტყო.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ეკა ცხვედაძეს, მომხდარი ინციდენტის შემდეგ განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ტრენინგი მიატოვა და რუსთავში დაბრუნდა – ამის შესახებ „კვირას“ თავად ეკა ცხვედაძემ განუცხადა.
ინციდენტი დაახლოებით 11 საათზე, მე-3 გაკვეთილის შემდეგ დასვენებაზე მოხდა. ჩხუბის შედეგად, ერთ-ერთ მოსწავლეს სუნთქვა შეუჩერდა.

„ინციდენტს ვერ დავარქმევთ. თანაკლასელებს შორის მოხდა შეკამათება, ერთმა მეორეს წამოარტყა, მერე საპასუხოდ მეორემაც დაარტყა და ერთმანეთს წამოარტყეს. ერთ-ერთმა ზურგში ჩაარტყა ხელი და ცუდად გახდა. მე მხოლოდ 2 წუთით ვიყავი გასული სამასწავლებლოში ჟურნალის გამოსატანად და როცა გამოვედი, მანდატურს უკვე ბავშვი დაბლა ჩაჰყავდა“, – განუცხადა „კვირას“ მე-9 კლასის დამრიგებელმა ნაირა ბუტაშვილმა.

მომხდარი ინციდენტის გამო, მანდატურმა სასწრაფო – სამედიცინო დახმარება გამოიძახა.
„14 წლის მოზარდის შესახებ 112-ში ზარი 11.18 წუთზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი ადგილზე 11.40 წუთზე იმყოფებოდა. მოსწავლეს საშუალო სიმძიმის ტრავმა ზურგისა და მენჯის არეში აღენიშნებოდა. მოზარდი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“ – განუცხადეს „კვირას“ჯანდაცვის სამინისტროში.

დაზარალებულ მოზარდს საავადმყოფოში გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც, იგი სახლში გამოწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

რუსთავის N 22 საჯარო სკოლაში, თანაკლასელებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო, რუსთავის შს სამმართველოში, კლასის დამრიგებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაკითხვაზე დაიბარეს, – ამის შესახებ “კვირას” კლასის დამრიგებელმა ნაირა ბუტაშვილმა განუცხადა.

ცნობისათვის, 1 დეკემბერს, თბილისში მოხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, 51 -ე სკოლის 2 მოსწავლე დანით მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, მომხდარი ტრაგედიის დროს, 51 -ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე ბათუმში იმყოფებოდა. დირექტორმა ერთდღიანი კუთვნილი შვებულება მოითხოვა.
1 დეკემბერი პარასკევი, სამუშაო დღე იყო და მანანა თურქაძე არასამუშაო შაბათ-კვირას ბათუმში გატარებას აპირებდა. თუმცა, იგი მომხდარის გამო, ბათუმიდან თბილისში 1 დეკემბერსვე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები