მიხეილ ჯანელიძე ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტიმო სოინის შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ვენაში ეუთო-ს 23-ე მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა საქართველოსა და ფინეთს შორის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის ნოემბერში ფინეთის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ მაღალი დონის შეხვედრები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

საქართველო და ფინეთი აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს, ხაზი გაესვა ამ პერიოდის განმალობაში ჩამოყალიბებულ კარგ თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, რისი დასტურიც არის საქართველო-ფინეთის ბიზნესასოციაციის დაარსება მიმდინარე წლის აპრილში და ბიზნესფორუმი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა.

აღინიშნა საქართველოს წარმატებები ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ფინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებებისადმი. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში, იმ ფუნქციას, რაც ქვეყანამ გატარებული ეკონომიკური, დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმებით, შეიძინა ევროპელი პარტნიორებისთვის. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე, როგორც სატრანსპორტო, ასევე ენერგეტიკის სფეროში, ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიულოცა საქართველოს „ერთი გზა ერთი სარტყელის” საერთაშორისო ფორუმის წარმატებით ჩატარება.

მხარეებმა დაადასტურეს ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში. ფინეთმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტიმო სოინის დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები