დავით ლანჩავა: ასოციაციის თითოეული ადვოკატი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს

„ადვოკატთა ასოციაციაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ერთი დღე რჩება. რა ფუნქცია აქვს დღეს ორგანიზაციას, როგორი უნდა უნდა გახდეს და რა რეფორმებია გასატარებელი, – ამის შესახებ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ლანჩავა საუბრობს.
ლანჩავას თქმით, დღეს ასოციაცია ჩამოყალიბების პროცესშია და სწორედ მისი მთავარი ფუნქციაა გასარკვევი.
„ასოციაცია არის 12 წლის და ორგანიზაციას არ შეიძლება მოსთხოვო ძალიან ბევრი რამ. იმიტომ რომ ეს არის ჩამოყალიბების, ფეხზე დადგომის, თვითგაანალიზების დრო. ჩვენი მთავარი ფუნქცია დღეს არის გასარკვევი. სწორედ ამ ჭიდილში და გზაჯვარედინზე ვართ, რომ გავიგოთ ვინ ვართ და საით მივდივართ“, – აცხადებს ლანჩავა.
მისივე თქმით, ადვოკატის როლის გარკვევაა მთავარი ამოცანა. იმისათვის, რომ ადვოკატთა ასოციაცია იქცეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მოქმედ სტრუქტურად, რომელიც მართლმსაჯულების რგოლში საკუთარ ადგილს დაიკავებს. აღნიშნული ამოცანის გადასაჭრელად თავმჯდომარეობის კანდიდატი გუნდთან ერთად მზადყოფნას გამოთქვამს.
„ ამ სისტემაში რასაც მართლმსაჯულების სისტემა ჰქვია, ძალიან ბევრი კითხვაა, სად არის ადვოკატის როლი. ჩვენი გუნდი თვლის, რომ სწორედ ესაა გადამწყვეტი. დღეს ადვოკატის როლი არ არის იქ, სადაც ვიმყოფებით, არამედ არის უფრო მაღლა, სახელმწიფოებრივად მაღლა“, – აცხადებს ლანჩავა.
დავით ლანჩავა იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც ადვოკატთა ასოციაციაში დგას. მისი თქმით, სხვა სტატუსის მატარებელ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, პარტნიორობა და მათი მხრიდან ადვოკატის პროფესიის დაფასებაა პირველი გამოწვევა.
„ასოციაცია უნდა იყოს საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული და მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ადვოკატთა კორპუსის ყოველდღიურ მუშაობაში. ის უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების საიმედო პარტნიორს მართლმსაჯულების დიდ სივრცეში“, – აცხადებს უფლებადამცველი.
დავით ლანჩავას მიაჩნია, რომ ადვოკატების უფლებების, ცნობადობის გაზრდა საზოგადოებას საშუალებას მისცემს თავისუფალი წვდომა ჰქონდეს უფლებადამცველებთან, რომლებიც მათი პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებენ.
„ადვოკატი უნდა გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. უნდა გახდეს ცნობადი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას უნდა მიეცეს არჩევის საშაულება. მას უნდა შეეძლოს მოიძიოს ნებისმიერი ადვოკატი, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის პრობლემატურია და გააკეთოს არჩევანი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისუფალი წვდომა ადვოკატთან“, – აცხადებს ლანჩავა.
თავმჯდომარეობის კანდიდატი თვლის, რომ ადვოკატთა ასოციაცია მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოს.
„უნდა იყოს გახსნილი და არა ჩაკეტილი, როგორც დღეს არის. თითოეული ადვოკატი უნდა უნდა იყოს ხელმისაწვდომთან ერთად, კარგად წარმოჩენილი, კარგად მიწოდებული. მისი ცნობადობის გაზრდაში დიდი როლი უნდა შეასრულოს ადვოკატთა ასოციაციამ“, – აცხადებს ლანჩავა.
ადვოკატთა ასოციაციაში ახალ თავმჯდომარეს ადვოკატთა კორპუსი 9 დეკემბერს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები