ლევან ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში გაიმარჯვებს

ადვოკატი ლევან ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნებში, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართება, გაიმარჯვებს.

“რა თქმა უნდა, ყველა კანდიდატი, ისევე როგორც მე, გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ”, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა გამოყოფილი, რომელზეც ის გუნდთან ერთად გამარჯვების შემდეგ იმუშავებს.

“ჩვენ გვაქვს პროგრამა, რისი მიხედვითაც ვიმოქმედებთ გამარჯვების შემდეგ. მიმართულება რამდენიმეა. ეს არის რეგიონალური ოფისების განვითარება, ადვოკატთა უფლებების დაცვისა და მსგავსი საკითხებისთვის ასოციაციაში სპეციალური კომისიის შექმნა. ასევე, ჩვენი პროგრამით ადვოკატებისთვის საერთაშორისო ურთიერთობის განსხვავებული ფორმატით შეთავაზება არის გათვალისწინებული. ამას ემატება საკითხი განვრცობად იურიდიული განათლების თაობაზე. რაც ვფიქრობ არასწორ ფორმატში არის დღესდღეობით, რადგან, როგორც დაიწყო და რა გეგმაც იყო, ის არ განხორციელდა. ამის სტრატეგიული განვითარება არ მოხდა და დარჩა ისეთ დონეზე, როგორზეც იყო, ამიტომ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დაგეგმილი აქვს ცვლილებები, რომლებიც ადვოკატის ყოველდღიურ საქმიანობას შეამსუბუქებს და უფრო უკეთეს სამუშაო პირობებს შექმნის.

“სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის პროცესებში შესაბამისი ცვლილებებია დაგეგმილი და კიდევ სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ადვოკატის ყოველდღიურ საქმიანობას შეამსუბუქებს და უკეთეს სამუშაო პირობებს შექმნის. ეს არის ძირითადი მიმართულებები ჩვენი საარჩევნო კამპანიის”, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.

ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს 9 დეკემბერს აირჩევენ. კანდიდატებს შორის არიან: დავით ლანჩავა, დავით ებრალიძე, დავით ასათიანი, ლევან ჯანაშია და ირმა ჭკადუა.

არჩევნებში წარმოდგენილი კანდიდატებისათვის ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის წევრებს გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები