მარიამ ჯაში ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტს დღეს ოფიციალური ვიზიტით ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.
სტუმრებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა და კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე ქანთარიამ უმასპინძლეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი. მასპინძლებმა სტუმრებს ქართული კინოს ისტორია გააცნეს.
მათ, ასევე, ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების ბაზაზე და რომელიც, პირველ ეტაპზე, შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი სკოლის დაფუძნების თვალსაზრისით.
„ასევე, შეიძლება იყოს საუბარი ერთობლივ კინოპროდუქციებსა და კინოფესტივალებზე, რომელიც კინოინდუსტრიის გაგრძელება იქნება. ის TM-ტექნიკა, რომელიც გამოიყენება, ასევე იქნება გათვალისწინებული პროგრამული მიმართულებებით”, -აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, დევიდ ლინჩის ფონდი 35-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს.
მისი თქმით, დევიდ ლინჩის ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ფსიქოსოციალური პროგრამით ეხმარება ომის ვეტერანებსა და საგზაო მოძრაობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. „უდიდესი ამერიკელი რეჟისორის სურვილია, საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კინოუნივერსიტეტი. ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა ამ საკითხის განხილვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სურვილი სულ მალე რეალობად იქცევა”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებისთვის დაგეგმილია ანსამბლ „ერისიონის” საგანგებო სარეპეტიციო ჩვენება, ქართული ღვინის დაგემოვნება, ქართული სამზარეულოს გაცნობა.
„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მოკლე ვიზიტის პერიოდში დევიდ ლინჩი მაქსიმალურად გაეცნოს ქართულ კულტურას, ჩვენს ტრადიციებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ უდიდესი ამერიკელი რეჟისორი გახდება საქართველოს ერთგვარი ელჩი ჰოლივუდში”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.