კახა კალაძე: ცოტა გაუგებარია, ჯერ რატომ უნდა მივიდე თბილისის საკრებულოში
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში არმისვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, ჯერ რატომ უნდა მივიდეს საკრებულოში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ის ხალხის არჩეული მერია, რაც ნიშნავს, რომ უფლებამოსილებას უკვე შეუდგა. „რაც შეეხება მთავრობის წევრებს, მე კანონის შესაბამისად ვიმოქმედე, გადავუგზავნე საკრებულოს, დღეს იმსჯელებენ და ალბათ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, დამტკიცებული იქნება და ორშაბათიდან ჩვენ შევუდგებით მუშაობას“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კანონი და რეგლამენტი არ ითვალისწინებს თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე, მერის მისვლას. თბილისის საკრებულოში, დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას, ნდობის მისაღებად ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე წარადგენს.