თბილისის მერი ისნის და სამგორის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორისა და ისნის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.  კახა კალაძემ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“  გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება ორშაბათისთვის დასრულდება.

„ჭიჭინაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, განხორციელდა კომუნიკაციების მოწესრიგება და მადლობა მინდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ გადავუხადო, გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება გზის საფარის დაგებას, ახლა მივიღეთ პირობა, რომ დღესვე დაიწყებენ სამუშაოებს და ორშაბათისთვის დასრულებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს შესაბამისი. ყველაზე დიდი პრობლემა, ზოგადად, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, ეს არის დრო. 4 წელი მართლა ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ის პროექტები, პრობლემები, რომლებიც ქალაქისთვის აქტუალურია, მოგვარებული იყოს, თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისს მართლა დაეტყოს  ჩვენი ხელი და ასეთი პროექტები არის მნიშვნელოვანი, ზოგადად, ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, და შესაბამისად, ეს უნდა მოგვარდეს,“- აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას.

ჭიჭინაძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და სრულდება ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც მოეწყობა სრულიად ახალი გზა და ტროტუარი.  სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დასრულდება.

თბილისის მერთან ერთად, დღეს მიმდინარე სამუშაოებს, მერის მოადგილეობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილი გივი კუბლაშვილი გაეცნენ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსის” დირექტორი ოპერაციული მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილი.

დღესვე თბილისის მერი კახა კალაძე ქეთევან წამებულის ქუჩაზე 1500 მმ-იანი 400 მეტრი სიგრძის სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ახალი კოლექტორი ზედაპირიდან შვიდი მეტრის სიღრმეზე ეწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დავალებით, საავტომობილო გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ღამის საათებში აწარმოებს.

სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს “ვიაიპი+” აწარმოებს.

კოლექტორის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 400 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები