„ახალგაზრდა ადვოკატები“: თბილისის #140-ე სკოლა გათავისუფლებულ პედაგოგს სამსახურში აღადგენს და 18,178 ლარს გადაუხდის

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის #140 საჯარო სკოლა გათავისუფლებულ პედაგოგს სამსახურში აღადგენს და 18,178 ლარს გადაუხდის. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს:

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის #140-ე საჯარო სკოლის მიმართ წარმოებული დავა გათავისუფლებული მასწავლებლის კანონიერ უფლებებში აღდგენით დასრულდა, რითაც სრულად დაკმაყოფილდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სამართალწარმოების პროცესში წარდგენილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა და სკოლას უკანონო გათავისუფლებული პედაგოგის სასარგებლოდ, იძულებითი შრომითი განაცდურის სახით, დღევანდელი მდგომარეობით, 18,178 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სასამართლო წესით გასაჩივრებულ იქნა თბილისის #140-ე საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ასანიძის 2014 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ქ. ო.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სკოლის მხრიდან პედაგოგის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები გახდა სკოლის შინაგანაწესით პედაგოგის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების სავარაუდო ფაქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, (მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე) სრულად იქნა გაზიარებული სკოლის მტკიცება და არ დაკმაყოფილდა გათავისუფლებული მასწავლებლის სარჩელი. ორგანიზაციამ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების კვლევის, მტკიცებულებათა ერთობლიობისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სრულად დაასაბუთა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და პედაგოგის გათავისუფლების უკანონო ხასიათი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გათავისუფლების უკანონობა მისი თანმდევი მიზეზ-შედეგობრივი საფუძვლებიდან გამომდინარე და მიიღო გადაწყვეტილება სადავო გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სკოლის მათემატიკის პედაგოგის ქ.ო-ის სამსახურში აღდგენისა და 2014 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, იძულებითი განაცდურის გადახდევინებასთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოებულ დავაზე გადაწყვეტილება პალატის შემდეგმა შემადგენლობამ მიიღო: დიანა ბერეკაშვილმა (თავმჯდომარე), ეკატერინე ცისკარიძემ და ვანო წიკლაურმა. საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განახორციელა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები