საპარლამენტო დელეგაცია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა 

საქართველოს პარლამენტის უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, ანდრიი პარუბიისთან შედგა. საქართველოს პარლამენტს უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი და გოგი მეშველიანი წარმოადგენდნენ. შეხვედრას საქართველოს ელჩი უკრაინაში – გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე ესწრებოდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ღრმა კმაყოფილება გამოთქვა წინა დღით ქართული დელეგაციის დონეცკის ოლქის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ვიზიტის გამო.

„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ საერთო წარსული და მომავლის გამოწვევები გვაქვს. ორივე ქვეყანამ განიცადა რუსეთის აგრესია და იღწვის თავისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ერთობლივი ძალებით მივდივართ სტრატეგიული მიზნისკენ – ეს არის გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში”,  – განაცხადა ანდრიი პარუბიიმ.

ქართულმა დელეგაციამ ბატონ პარუბიის გააცნო თავისი შთაბეჭდილებები ანტიტეროროისტული ოპერაციის ზონის მონახულების შესახებ. განსაკუთრებით აღინიშნა ე.წ. „რუხ ზონაში” განლაგებული დაბა შიროკინო, სადაც მანამდე არცერთი უცხოური დელეგაცია არ ჩასულა.

„აზოვის ზღვის ნაპირზე განლაგებული ოდესღაც პოპულარული კურორტი ახლა სრულიად დაცარიელებული და განადგურებულია. ასეთი დასახლებული პუნქტები საქართველოშიც მრავლად გვაქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველომ და უკრაინამ უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა აგრესორზე და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე” – აღნიშნა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ.

ბატონმა პარუბიიმ სტუმრებს უკრაინაში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმები საპენსიო, განათლების, ჯანდაცვის, სასამართლო სფეროში გააცნო. განსაკუთრებით უკრაინის საარჩევნო კოდექსში მის მიერ ინიცირებული ცვლილებები გამოყო, რომელთა იდეაც ა.წ. მაისში საქართველოში ვიზიტის და ქართველ კოლეგებთან შეხვედრის დროს მოუვიდა.

„საომარი სიტუაციის მიუხედავად, პარლამენტი მუშაობს, კანონები იხვეწება, ჩვენ არ გადავუხვევთ ევროინტეგრაციის გზას”,  – დასძინა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ.

მხარეებმა აგრეთვე კიევში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი მიმოიხილეს, რომელიც 2018 წლის 17-19 იანვარსაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები