ადვოკატი: გაუჩინარებული სამხედროების საქმეზე ბრალდებული ბოლქვაძე დანარჩენ ბრალდებულებს არწმუნებდა, რომ თანხას თურქეთიდან ვინმე ნიაზისგან ელოდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების საქმეზე ბრალდების მხარემ აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ჯამბულ შეყილაძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული ბრალდებულ ბოლქვაძის აუდიოჩანაწერების მიხედვით, არ იკვეთება რომ ბრალდებულ პირებს – ხიდურელსა და შეყილაძეს დანაშაულში ბრალი მიუძღვით. „დღეს დადასტურდა, ჯამბულ შეყილაძეს ბოლქვაძემ უთხრა, რომ ის თანხას თურქეთიდან ელოდა. ჩანაწერებით ისიც დადასტურდა, რომ ბოლქვაძე კიდევ ერთ ბრალდებულ ხიდურელსაც არწმუნებს, რომ თანხას თურქეთიდან, ვინმე ნიაზისგან ელოდებოდა“, – განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ. ამასთან, კიდევ ერთი ბრალდებულის გია ხიდურელის ადვოკატი მამუკა მიროტაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ გია ხიდურელის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. შემდეგი სასამართლო სხდომა 14 ნოემბერს, კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ გონიოში, ზღვაში, წვრთნების დროს ორი სამხედრო მოსამსახურე შარშან აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი სამხედროს ოჯახს, სამკაციანი ჯგუფი, გაუჩინარებული ჯარისკაცის სახელით წერილებს უგზავნიდა და მისგან თანხას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები