ევროკომისია – ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქტიური წვლილი შეაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტის მომზადების პროცესში.

ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ჩართულობა კონკრეტული, პრაქტიკული წინადადებების შემუშავების კუთხით „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტისთვის.
დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გამოყოფს. ამ კუთხით, აღსანიშნავია ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის 2017-2020 წლების შეთანხმება, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმასთან.
„საქართველოსთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება კვლავაც კონცენტრირებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ასევე თანხვედრაშია მთავრობის რეფორმის ოთხპუნქტიან დღის წესრიგთან. 2017 წლის წლიური სამოქმედო პროგრამა, რომელიც 2017 წლის ოქტომბრის თვეში დასრულების სტადიაში იყო, მიმართულია უმთავრეს სტრუქტურულ და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა ადამიანური კაპიტალისა და უნარ-ჩვევების განვითარება, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ფინანსური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ბიზნესის დახვეწის გაძლიერება“, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, ახალი ევროპული საგარეო საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დამტკიცდა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.
„ასევე დაგეგმილია „შერეული“ ფონდის საშუალებით დახმარების გაფართოება პარტნიორ ქვეყნებთან დიალოგის გაძლიერებით ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.
დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები