ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგია
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 2017 წელს კიდევ უფრო ინტენსიურია. ამ მხრივ ხაზგასმულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ, რეფორმების განხორციელების მხრივ და ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების სწრაფვის საფუძველზე, რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია დაიმკვიდრა.
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს ქვეყნის ორიენტაციას ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ.
ასევე 2016 წელს ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა (27 % ექსპორტი და 31% იმპორტი). 2017 წლის წინასწარი მონაცემებით ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება-ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობა.
დოკუმენტის თანახმად, ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განსახორციელებლად, ევროკავშირი მნიშვნელოვან ფინანსურ და ექსპერტულ დახმარებას გასცემს.
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ანგარიშში მითითება კეთდება ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც საერთო ჯამში პოზიტიურად აფასებს რეფორმას და მიზნად ისახავს საკონსტიტუციო წყობის კონსოლიდაციას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე.
ევროკომისია პოზიტიურად აფასებს ხელისუფლების მიერ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტები საგრძნობლად შემცირდა, ასევე პოლიციის დაწესებულებებში დაინერგა პრევენციული მექანიზმები არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით.
ანგარიშში, საქართველოში არსებული მედია გარემო შეფასებულია როგორც პლურალისტული და დინამიური.
რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, დოკუმენტის შესაბამისად, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე ადგილებს საერთაშორისო რეიტინგებში. ევროკომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში საჯარო სამსახურის რეფორმა ევროკავშირის პრინციპების შესაბამისად განხორციელდა.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა საქართველოს მონაწილეობას სამოქალაქო და სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.
დოკუმენტში ცალსახად ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მართლმსაჯულების რეფორმის კონტექსტში ანგარიშში საუბარია რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში განხორციელებულ ცვლილებებზე და ასევე ყოვლისმომცველ სასამართლო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც პირველად იქნა მიღებული. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროსთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა წინასწარი დაკავება და პატიმრობა შემცირებულია ალტერნატიული ზომებს უფრო ფართო გამოყენების შედეგად. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები, როგორიცაა სტრატეგიისა და ეთიკის კოდექსის მიღება და პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა.
დოკუმენტის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო აგრძელებს ეფექტიან ფუნქციონირებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ასრულებს ვალდებულებებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში, რის შედეგადაც საგრძნობლად გაზრდილია ევროკავშირთან ვაჭრობა.
დოკუმენტის მიხედვით, გარე, ნეგატიური ფაქტორების მიუხედავად, მაკროეკონომიკური გარემო საქართველოში მდგრადი აღმოჩნდა. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბიზნეს-გარემოს თვალსაზრისით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ მოწინავე პოზიციების შენარჩუნება ხელისფლების მიერ გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია.