ბორის ფარულავა: ციხის კადრების თაობაზე ჩვენ არ გვქონია შეხება ოპოზიციურ პარტიებთან, არც ანაზღაურება მიგვიღია ამაში

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჭაკუას სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა, მეტსახელად “ბასტი” დაიკითხა.
”ბასტი” 2012 წელს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი სწორედ იმ დროს იყო, როდესაც მოხდა კარანტინის დაშლა.
მოწმემ გაიხსენა 2012 წლის მოვლენები და აღნიშნა, რომ ციხეში მომხდარი უკანონობების გადაღება რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გადაწყვიტა, მათ შორის დაასახელა ვლადიმერ ბედუკაძე.
“ყველა კადრთან კავშირი არ მაქვს, მაგრამ იყო ფაქტები, რაშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვხედავდი ცუდი მოპყრობის ფაქტებს. ვიფიქრე, რომ რაღაცის შეცვლა იქნებოდა კარგი და გარკვეული პირების დახმარებით ვიღებდი ვიდეოებს, ფარული მოწყობილობა მომაწოდა გიორგი ლომიამ. ასევე შეხება მქონდა ვლადიმერ ბედუკაძესთან. ანუ იყვნენ პიროვნებები, რომლებიც ამ მოპყრობას აპროტესტებდნენ. იმ მომენტში სისტემა რომ შეცვლილიყო, გავერთიანდით ლომია, ბედუკაძე, დათა აკობია და მე”, -განაცხადა ბორის ფარულავამ.
მისივე თქმით, ერთ დღეს ის ადმინისტრაციულ კორპუსში დაიბარეს და დაკითხეს მისთვის უცნობმა პირებმა, რომ არსებობდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვიღაც პირს ციხის კადრები გაჰქონდა საჯაროდ.
როგორც მოწმემ აღნიშნა, გადაღებას ე.წ. ღილი კამერითა და კალმით ახორციელებდა.
მისვე თქმით, მას ოპოზიციურ პარტიებთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
“ჩვენ არ გვქონია შეხება ოპოზიციურ პარტიებთან, არც ანაზღაურება მიგვიღია ამაში. პატიმრების ცემაში მონაწილეობდნენ ხელმძღვანელი პირები, გაგა მკურნალიძე ვიცი, სხვისი სახელები არა”, – აღნიშნა ფარულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები