ტრანსგენდერი ქალის ცემისთვის ბრალდებული, სასამართლო დარბაზში დააკავეს

ლგბტ პირის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს.

როგორც “კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის მიმართ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი, ავთანდილ გ.-ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზიდან აიყვანეს.
ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღიარა ჩადენილი დანაშაული.
სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი, დაზარალებულის ლგბტ თემისადმი კუთვნილების გამო წარმოიშვა. სასამართლომ მიიჩნია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბრალდებულის მხრიდან ტრანსგენდერი ქალის ცემა, მიზნად ისახავდა დაზარალებულის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით
120 დან – 140 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები