პრემიერი: ჯანსუღ ჩარკვიანის ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში (ფოტოკოლაჟი)
„ჯანსუღ ჩარკვიანის ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამებაში განუცხადა, სადაც ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ყოვლადწმინდა სამების ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და სხვა პირებმა მიუსამძიმრეს.
“ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში. ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ ქართულ საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.