მიხეილ ჯანელიძე დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

“ეს თარიღი დიდი ქართველი დიპლომატის, საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის სხვა მაგალითები, მიუთითებს ქართული დიპლომატიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და გამოცდილებაზე. საქართველოს თანამედროვე დიპლომატია სწორედ ამ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელმაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ წარმოუდგენელ წარმატებებს მიაღწია ქართველი ხალხის ისტორიული მიზნების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განსამტკიცებლად და ევროპული მომავლის გასამყარებლად.

საქართველო, დღეს, ისევე როგორც საუკუნეების წინ, მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული გზების გასაყარზე დგას. დღეს, ამ გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე რთულ ეპოქაში, ქვეყანამ მოახერხა დაემკვიდრებინა საკუთარი ადგილი როგორც წარმატებულ, რეფორმატორ, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს, რომელიც დღეს რეგიონში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამაში დიდია ქართული დიპლომატიის წვლილი.

საქართველოს დიპლომატიური სისტემა ვითარდება მიმდინარე რეფორმების მეშვეობით. ახალი ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრაციით, ისეთ სფეროებში როგორიცაა საქმის წარმოება, ადამიანური რესურსების მართვა და თანამედროვე კომუნიკაციები, ჩვენ შევძლებთ საგარეო საქმეთა სამინისტრო გავხადოთ კიდევ უფრო მეტად ეფექტური დღევანდელ ცვალებად სამყაროში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართული დიპლომატია ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციებზე და კვლავ მრავალ წარმატებას მოუტანს ქვეყანას.

ჩვენი მიზანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, იყოს მაქსიმალურად ახლოს საქართველოს მოსახლეობასთან, და შესაბამისად, დიპლომატის დღეს, წელს განსხვავებული ფორმატით აღვნიშნავთ. 12 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეპატიჟებით ყველა დაინტერესებულ პირს ღია კარის დღეზე „შეხვედრა ქართველ დიპლომატთან”. ძვირფასო კოლეგებო, გისურვებთ დიდ წარმატებებს დიპლომატიურ საქმიანობაში!”,-აღნიშნა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები