სასჯელაღსრულების სამინისტროს დელეგაცია საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს   სასჯელაღსრულებისა   და პრობაციის   სამინისტროს   დელეგაცია   მინისტრის   მოადგილის,   ზვიად   მიხანაშვილის ხელმძღვანელობით,  აშშ-ის  ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების   საერთაშორისო   ბიუროს   (INL)  მხარდაჭერით,   „სასჯელაღსრულების   საერთაშორისო   ასოციაციის   მე-19   ყოველწლიურ კონფერენციაში“ მონაწილეობს. კონფერენცია ლონდონში იმართება.

ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პენიტენციური სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირები ერთმანეთს საინტერესო გამოცდილებას უზიარებენ.

„ეს გახლავთ უაღრესად წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელშიც 80 ქვეყნის 800-მდე დელეგატი მონაწილეობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს პრეზენტაციას ჩვენს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე  და პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე დელეგატებს ინფორმაციას მიაწვდის“, – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

აღნიშნული   კონფერენცია   სასჯელაღსრულების   სფეროში   ყველაზე მასშტაბური   ღონისძიებაა,   რომელიც   მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას მიზნად  ისახავს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა  და  პრობაციის სამინისტროს   წარმომადგენლები,  გარდა იმისა, რომ პენიტენციური სფეროს   ექსპერტებს სისტემაში გატარებულ   და   მიმდინარე   რეფორმებს გააცნობენ, ასევე,  მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა  და   პენიტენციური სისტემის  სარეჟიმო  პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. ყურადღებას გაამახვილებენ  მსჯავრდებულთა   რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის   პროექტებსა   და   არასაპატიმრო სასჯელის დანერგვაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები