მიხეილ ჯანელიძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს, ასევე ის პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ფლობს. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ნატო-ს ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა მოხდეს, მათ შორის ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის მზადება.
„საქართველო წარმატებით ახორციელებს ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის იმპლემენტაციას, რომელიც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, რაც არის ნატოში წევრობა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებთან საუბრისას.