„რა გაყვირებს, გოგო”? – სალომე სამადაშვილი გია ვოლსკის უჩივის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი ვოლსკისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკების გამო, სამადაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივის.
სამადაშვილმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის სახელზე, რომელიც ამავდროულად გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელობს, პარლამენტის კანცელარიაში ცოტა ხნის წინ წერილი ჩააბარა, რომელშიც საბჭოს მასსა და ვოლსკის შორის მომხდარ ინციდენტზე რეაგირებას სთხოვს.
„საზოგადოებამ იცის, რომ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ ამ პარლამენტში ვმსჯელობთ კვოტირების სისტემის შემოღებაზე. ამის პარალელურად, სამწუხაროდ, ამ პარლამენტში უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ვოლსკის საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს გენდერულად დისკრიმინაციული ენის გამოყენება და კნინობითი ფორმით მიმართვა ქალი კოლეგებისთვის. სწორედ ამიტომ, მე დღეს მივმართე გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც მუშაობს პარლამენტში, რომ მათ განიხილონ ის ინციდენტი, რომელიც მოხდა 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ ამაზე”,- განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოს გადასაწყვეტია, რა რეაგირებს მოახდენს მომხდარზე, იქნება ეს შენიშვნა თუ სხვა რაიმე ადეკვატური ფორმა.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გიორგი ვოლსკისა და სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას, 9 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს მიმართა: „რა გაყვირებს, გოგო? უზრდელობაა ეგ.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები